მზის სისტემაში ამ დროისთვის ცნობილ ყველაზე შორეული ობიექტს ეს სტატუსი საბოლოოდ დაუდასტურეს. 2018 წელს აღმოჩენილი მოზრდილი კლდოვანი სხეული, სახელად ფარფარაუტი მზის გარშემო 132 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან მოძრაობს (ერთი ასტრონომიული ერთეული უდრის საშუალო მანძილს მზესა და დედამიწას შორის). ასტრონომებმა ის შეისწავლეს და დაახასიათეს და ახლა უკვე ბევრი რამ ვიცით მისი და მისი ორბიტის შესახებ.
მისი დიამეტრი დაახლოებით 400 კილომეტრია, რაც ჯუჯა პლანეტის მასშტაბის ქვედა ზღვარია; როგორც პირველადი დაკვირვებები მიუთითებს, მზისგან მისი ორბიტის საშუალო დაშორება 101 ასტრონომიული ერთეულია, ანი 101-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე მზესა და დედამიწას შორის მანძილი.
პლუტონის ორბიტა მზისგან დაახლოებით 93 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული და როგორც თავადაც ხედავთ, ფარფარაუტი მზისგან მართლაც ძალიან, ძალიან შორსაა. დროებით ოფიციალურ სახელად მას 2018 AG37 უწოდეს, მაგრამ საბოლოო სახელზე ამჟამად საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი მსჯელობს.
მზის გარშემო მისი ორბიტა წრიული არ არის, უფრო დახრილი ოვალის ფორმა აქვს. დეტალური დაკვირვებების შემდეგ, მეცნიერებმა მისი ორბიტაც გამოთვალეს; ფარფარაუტი მზეს ყველაზე დიდად 175 ასტრონომიული ერთეულით შორდება, ყველაზე ახლოს კი 27 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მიდის, ნეპტუნის ორბიტის შიგნით.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფარფარაუტი შეიძლება მზის სისტემის გარე პლანეტების უკეთ შესწავლაშიც დაგვეხმაროს.
„სავარაუდოდ, ფარფარაუტი გარე მზის სისტემაში შორეულ წარსულში გაიტყორცნა, როცა ის ნეპტუნთან ზედმეტად ახლოს მივიდა. დიდი ალბათობით, ნეპტუნთან ურთიერთქმედებაში ის მომავალშიც შევა, რადგან მათი ორბიტები ერთმანეთს კვეთს“, — ამბობს ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტის ასტრონომი ჩად ტრუხილიო.
კიდევ ერთი სხვა ჯუჯა პლანეტა, ფარაუტი მზისგან საშუალოდ 124 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული და მას სახელი კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომის, სკოტ შეფარდის წამოძახილის საფუძველზე უწოდეს. მას შემდეგ, მან და მისმა ჯგუფმა კიდევ უფრო შორეული ობიექტი აღმოაჩინა.
ფარფარაუტი ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს მალავს. იმის გამო, რომ ის ასე შორს არის, ძალიან მკრთალია და ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკვირვებები მხოლოდ ცხრაჯერ ჩაუტარდა. მკვლევართა ჯგუფმა მისი ზომა მის სიკაშკაშეზე დაყრდნობით განსაზღვრა, მაგრამ მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით; შეიძლება, ის კოიპერის სარტყლის ძალიან დიდი, უსწორმასწორო ობიექტი იყოს, ანდაც ჯუჯა პლანეტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.
ასტრონომები ბოლომდე დარწმუნებული არც მის ორბიტულ დროში არიან. მათი აზრით, მზის გარშემო ერთ შემოვლას ის შეიძლება 800 წელიწადს ანდომებდეს (პლუტონი 248 წელს ანდომებს). ამის ზუსტად დასადგენად უფრო მეტი კვლევაა საჭირო.
„ფარფარაუტს მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის ათასწლეული სჭირდება. ამის გამო, ის ცაში ძალიან ნელა მოძრაობს და მისი ტრაექტორიის ზუსტად განსაზღვრისთვის საჭიროა რამდენიმე წლიანი დაკვირვება“, — ამბობს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომი დევიდ თოლენი.
შეფარდი, თოლენი და ტრუხილიო მზის სისტემის გარე ნაწილს მეცხრე პლანეტის პოვნის იმედით სწავლობენ; ასე უწოდებენ ჰიპოთეტურ ობიექტს, რომელიც მათი აზრით, პასუხისმგებელი უნდა იყოს პლუტონს გადაღმა, მზის სისტემის გარე მისადგომებში ობიექტთა ჯგუფების უცნაურ მოძრაობაზე.
არსებობს მათი ორბიტების უცნაურობის სხვა ახსნაც, მაგრამ ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა მეცნიერებას მრავალი სხვა გვერდითი სარგებელი მოუტანა. ჯგუფმა აღმოაჩინა მრავალი ისეთი ობიექტი, რომელთა შესახებ არაფერი ვიცოდით. რა თქმა უნდა, მათ შორის არის ფარაუტი და ფარფარაუტიც. არ დაგვავიწყდეს ჯუჯა პლანეტა გობლინიც, რომელიც მზისგან 80 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული.
აღმოაჩინეს კიდევ ერთი ობიექტი, სახელად 2014 FE72, რომლის ორბიტაც ყველაზე შორეულ წერტილში მზისგან 3000 ასტრონიმიული ერთეულით არის დაშორებული. ის ამ დრომდე ცნობილი ერთადერთი ამ სახის ობიექტია, რომლის ორბიტაც მთლიანად ნეპტუნს მიღმაა მოქცეული (ამჟამად ის მზესთან გაცილებით ახლოს არის, მას შემდეგ, რაც 1965 წელს ჩვენს დედავარსკვლავს ორბიტის უახლოეს წერტილზე მიუახლოვდა).
მეცხრე პლანეტის ძიებას აღმოჩენები არა მხოლოდ გარე მზის სისტემაში მოჰყვა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს 12 აქამდე უცნობი მთვარე იუპიტერის გარშემო და 20 მთვარე სატურნის გარშემო.
გამომდინარე აქედან, თუ მზის სისტემის შორეულ მისადგომებში მეცხრე პლანეტა მართლაც იმალება, ალბათ მას სწორედ ეს მეცნიერები იპოვნიან. ამასობაში კი ისინი მზის სისტემის გარე ნაწილის მრავალ ახალ დეტალს პოულობენ.
„ფარფარაუტის აღმოჩენა გვიჩვენებს ჩვენს სულ უფრო მზარდ შესაძლებლობას გარე მზის სისტემის შესწავლის თვალსაზრისით და ვაკვირდებით სულ უფრო შორეულ ობიექტებს“, — ამბობს შეფარდი.
მისივე განცხადებით, ფარფარაუტისა და ასეთი შორეული ობიექტების აღმოჩენა მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის მიღწევებმა გახადა შესაძლებელი, მათ შორის დიდ ტელესკოპებზე დაყენებულმა დიდმა ციფრულმა კამერებმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შორეულ ობიექტთაგან ზოგი მართლაც საკმაოდ დიდია, ჯუჯა პლანეტების ზომის, ისინი ძალიან მკრთალებია, რადგან მზისგან წარმოუდგენლად შორს არიან. შეფარდს მიაჩნია, რომ ფარფარაუტი მზის სისტემის შორეულ მისადგომებში არსებულ ობიექტთა აისბერგის მხოლოდ წვერია.
მომზადებულია carnegiescience.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.