მზის სისტემაში ყველაზე შორეული ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს
მზის სისტემაში ყველაზე შორეული ჯუჯა პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა მზის სისტემაში ყველაზე შორეული ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც მზისგან დაახლოებით ასჯერ უფრო შორს მდებარეობს, ვიდრე დედამიწა.

აღმომჩენმა ჯგუფმა სხეულს „ფარაუტი“ უწოდა, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა კი დროებით სახელად 2018 VG18 მიანიჭა. როგორც წინასწარი კვლევა მიუთითებს, ის მოვარდისფრო ჯუჯა პლანეტაა. სწორედ ამავე ჯგუფმა აღმოაჩინა ოქტომბერში კიდევ ერთი ჯუჯა პლანეტა „გობლინი“.

მკვლევართა ჯგუფის წევრის, ჰავაის უნივერსიტეტის მკვლევრის, დევიდ თოლენის განცხადებით, ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ 2018 VG18-ის დაახლოებითი დიამეტრი, ფერი და ის ფაქტი, რომ მზისგან დაშორებულია უკიდურესად დიდი მანძილით. შესაბამისად, მოძრაობს ძალიან ნელა — მზის გარშემო ერთ შემოვლას დაახლოებით 1000 წელს ანდომებს.

ფარაუტი მზისგან დაშორებულია 120 ასტრონომიული ერთეულით (ასტრონომიული ერთეული ეწოდება მანძილს მზესა და დედამიწას შორის), ანუ მდებარეობს პლუტონზე დაახლოებით 3,5-ჯერ უფრო შორს. ამჟამად ჩვენთვის ცნობილ ყველაზე შორეულ ობიექტად ჯუჯა პლანეტა ერისი ითვლებოდა, 96 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე. რამდენიმე დღის წინ, NASA-ს ხომალდი Voyager 2 ვარსკვლავთშორის სივრცეში დაახლოებით 120 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან შევიდა.

განმარტებისათვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფარაუტი ამჟამად ფლობს მზის სისტემის ყველაზე შორეული სხეულის სტატუსს, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ 120 ასტრონომიულ ერთეულზე შორის მზის სისტემაში სხვა ობიექტები აღარ არის. მაგალითად, ჯუჯა პლანეტა სედნა თავის ძლიერ ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას მზეს 900 ასტრონომიული ერთეულითაც შორდება. გარდა ამისა, მზისგან 500-100 000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე გაწოლილ ოორტის ღრუბელში სავარაუდოდ მოძრაობს ტრილიონობით კომეტა.

ფარაუტი პირველად ნოემბერში, ჰავაის კუნძულებზე მდებარე სუბარუს 8-მეტრიანი ტელესკოპით შეამჩნიეს. ამის შემდეგ მიმართეს ჩილეში მდებარე მაგელანის ტელესკოპს, რომელმაც მისი არსებობა საბოლოოდ დაადასტურა. როგორც ამ დაკვირვებათა შედეგად ირკვევა, ობიექტის სიგანე 500 კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სფერული ფორმის, ანუ ჯუჯა პლანეტა უნდა იყოს. ვარდისფერი შეფერილობა სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის ყინულით მდიდარია სხეულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სხეული ასტრონომებმა თეორიული მეცხრე პლანეტის გრავიტაციული გავლენის ძებნისას იპოვეს. მკვლევართა აზრით, ის მზისგან უკიდურესად დაშორებული, სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა უნდა იყოს, რომლის გრავიტაციაც გავლენას ახდენს მზის სისტემის შორეულ სხეულთა მოძრაობაზე.

მეცნიერთა განცხადებით, 2018 VG18 მზის სისტემის ყველაზე შორეული და ნელა მოძრავი ობიექტია ამ დრომდე შემჩნეულთა შორის და მისი ორბიტის სრულად განსაზღვრას რამდენიმე წელი დასჭირდება.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.