მზის სისტემის სტუმარ ობიექტს უცნაური ორგანული საფარი აქვს - ოუმუამუას კვლევა გრძელდება
როდესაც მზის სისტემის ძალიან, ძალიან შორეულ ნაწილში ოუმუამუა ასტრონომებმა პირველად შენიშნეს, ჩათვალეს, რომ ეს ობიექტი კომეტა იყო.
უფრო ახლოდან დაკვირვებისას, კი გაჩნდა მოსაზრება, რომ ის უფრო ასტეროიდს ჰგავდა და დროულად შეიცვალა კლასიფიკაციაც. მას შემდეგ, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა უფრო დეტალური კვლევები ჩაატარა და გაარკვია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ობიექტს მაინც აქვს კომეტისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები.
განსხვავება კომეტასა და ასტეროიდს შორის მათი შემადგენლობაა. კომეტები შედგება ყინულის, მტვრისა და ცოტა კლდისგან. მზის სისტემაში კომეტები წარმოიქმნა მზისგან ძალიან შორს, სადაც მისი სითბო ყინულს ვერ ადნობს.
როდესაც კომეტის ორბიტა მზეს უახლოვდება, სიცხე ადნობს ყინულის გარკვეულ ნაწილს, რა დროსაც ასევე გამოიყოფა მასში ჩაჭედილი მტვრისა და კლდის ნაწილაკები და წარმოიქმნება კუდი, რომლითაც ასე არიან განთქმულნი კომეტები.
მეორე მხრივ, ასტეროიდი შედგება კლდის, მტვრისა და მეტალისგან. მათი წარმოქმნა შესაძლებელია მზესთან უფრო ახლოს, ვიდრე კომეტების. თუკი ვარსკვლავთან კიდევ უფრო ახლოს მივლენ, არც ზომაში პატარავდებიან.
ოუმუამუას არ აღენიშნებოდა კომეტისთვის დამახასიათებელი არც ერთი თვისება. ფერით მოწითალო იყო, გარშემო არ ჰქონდა მტვრის ნიშნებიც, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ შედგებოდა მთლიანად მკვრივი კლდისა და მეტალისგან, წითელი ფერი მიღებული ჰქონდა კოსმოსური რადიაციის წყალობით და არ შეიცავდა წყლის ყინულს.
ამერიკელ, ბრიტანელ, კანადელ, ტაივანელ და ჩილელ მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ბელფასტის კვინსის უნივერსიტეტის ასტრონომის, ალან ფიცსიმონსის ხელმძღვანელობით, გამოიყენა სპექტროსკოპია, რათა გაერკვიათ თუ რა გზით ირეკლავდა ოუმუამუა მზის სინათლეს (ალბედო). აღმოჩნდა, რომ ამით ის ჰგავს მზის სისტემის გარე ნაწილის ჯუჯა ყინულოვან პლანეტებს, რომლებსაც ყინულოვანი ბირთვის გარშემო გადაკრული აქვთ მშრალი ქერქი.
სწორედ ამ მანტიას უნდა დაეცვა ოუმუამუას ბირთვი, როდესაც 9 სექტემბერს, მან მზეს სულ რაღაც 37 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუარა.
„აღმოვაჩინეთ, რომ ოუმუამუას ზედაპირი მსგავსია მზის სისტემის პატარა სხეულებისა, რომლებიც დაფარულნი არიან ნახშირბადით მდიდარი ყინულებით და რომელთა სტუქტურაც შეცვლილია კოსმოსური სხივების მიერ“, — ამბობს ფიცსიმონსი.
„ასევე დავადგინეთ, რომ წყლის ყინულით მდიდარი კომეტის მსგავს ინტერიერს მზესთან მიახლოებისას აორთქლებისგან უნდა იცავდეს ორგანულად მდიდარი ნივთიერებისგან შემდგარი ნახევარი მეტრის სისქის საფარი, იმ შემთხვევაშიც კი, 300 გრადუსამდეც რომ გაცხელებულიყო“.
როგორც ეს ძალიან ძველ კომეტებში ჩანს, როდესაც კოსმოსური რადიაცია აორთქლებს ობიექტის ზედაპირის ნახშირბადით მდიდარ ყინულის ფენებს, რჩება მოწითალო ფერის ორგანული ნარჩენები — სწორედ ამას ვხედავთ ოუმუამუაში.
იმის გამო, რომ იგი ძალიან ჰგავს მზის სისტემის გარე ნაწილის ობიექტებს, ჯგუფის რწმენით, ოუმუამუა ურყევ მტკიცებულებებს გვაძლევს, რომ სხვა მზის სისტემებიც ჩვენის მსგავს ობიექტებს შეიცავენ.
„აღმოვაჩინეთ, რომ ეს გახლავთ პლანეტოშენადედი კარგად შეფუთული ქერქით, რომელიც ძალიან ჰგავს მზის სისტემის გარე რეგიონის ციცქნა სხეულებს, აქვს მონაცრისფრო-მოწითალო ზედაპირი და არის ძლიერ წაგრძელებული, ზომით და ფორმით დაახლოებით ლონდონის გერკინის ცათამბჯენს ჰგავს“, — ამბობს ბელფასტის კვინსის უნივერსიტეტის ასტრონომი მიშელ ბენისტერი, რომელიც მზის სისტემის გარე რეგიონის ყინულოვან ობიექტებს იკვლევს.
„მომაჯადოებელია იმის გარკვევა, რომ პირველად აღმოჩენილი ვარსკვლავთშორისი ობიექტი ძალიან ჰგავს ჩვენი მშობლიური სისტემის გარე რეგიონის ციცქნა სხეულებს. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი პლანეტებისა და ასტეროიდების წარმოქმნის გზა ძალიან ენათესავება სხვა ვარსკვლავთა სისტემებში მიმდინარე იგივე პროცესებს“.
მზის სისტემის ჩვენთვის ცნობილი პირველი გარე სტუმრის კვლევა ახლაც გრძელდება.
გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ეს ობიექტი შესაძლოა, რომელიმე არამიწიერი ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი კოსმოსური ხომალდი ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოუმუამუა ხელოვნურ რადიოსიგნალებს არ გამოყოფს.
ოუმუამუა ჩვენთან მოვიდა ქნარის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავ ვეგას მიმართულებიდან, 95 000 კმ/სთ სიჩქარით.
თავდაპირველად იფიქრეს, რომ იგი ვეგას ორბიტიდან იყო მოსული, მაგრამ იქიდან ამ სიჩქარით ჩვენამდე მოსასვლელად, 300 000 წელი დასჭირდებოდა. 300 000 წლის წინ კი, ვეგა ცაზე სრულიად სხვა ადგილას იყო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოუმუამუას შეიძლება ვეგა „თვალითაც“ არასდროს უნახავს და უკვე ასობით მილიონი წელიწადია, რაც კოსმოსში მარტოდმარტო დახეტიალობს.
მომზადებულია qub.ac.uk-სა და ScienceAlert-ის მიხედვით