მზის მაგნიტური ველი მოსალოდნელზე 10-ჯერ ძლიერი აღმოჩნდა - უცხოეთში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსის უპრეცედენტო კვლევა
მზის მაგნიტური ველი მოსალოდნელზე 10-ჯერ ძლიერი აღმოჩნდა - უცხოეთში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსის უპრეცედენტო კვლევა

ბელფასტის კვინსის უნივერსიტეტისა და აბერისტვითის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ მზის მაგნიტური ველი იმაზე ათჯერ ძლიერია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

კვლევის ავტორია აბერისტვისის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, ქართველი, დოქტორი დავით ქურიძე, რომელმაც ანალიზები ჩაუტარა 2017 წლის 10 სექტემბერს მზეზე მომხდარ ამოფრქვევას. კვლევის შედეგად, ქურიძემ დაასკვნა, რომ მზის მაგნიტური ველი იმაზე ძლიერია, ვიდრე ამას წინა კვლევები მიუთითებდა.

დავით ქურიძე პარალელურად საქართველოშიც მოღვაწეობს და არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი.

მზის მაგნიტური ველი აკადემიური ინტერესების სფეროს სცდება. გამომდინარე იქიდან, რომ მზე ჩვენგან სულ რაღაც რვა სინათლის წუთის მანძილზე მდებარეობს, მის მაგნიტურ ველს უზარმაზარი გავლენა აქვს დედამიწაზე.

მზის მაგნიტური ველის გავრცობა განსაზღვრავს მზის სისტემის საზღვრებს. სწორედ იგი გვიცავს გალაქტიკური კოსმოსური სხივებისგან. ის საზღვრებსა და მიმართულებას აძლევს მზის მასიურ ანთებებს, რომლებიც მზის წიაღიდან იფრქვევა და ზედაპირიდან 20 000 კმ სიმაღლემდე ივრცობა.

გარდა ამისა, მზის მაგნიტურ ველს უფრო მეტი პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენზე, რადგან შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენი პლანეტის ამინდსა და კლიმატზე. კორონალური მასის ამოფრქვევებმა, თუკი დედამიწისკენ არის მიმართული, შეიძლება გამოიწვიოს მაგნიტური ქარიშხლები, რის ფონზეც წარმოიქმნება ჩრდილოეთის ციალი; გავლენას ახდენს მაგნიტურ კომპასებზე, GPS-ებსა და რადიოკიმუნიკაციებზე. მზის ძლიერი გეომაგნიტური შტორმები წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ პულსებს, რასაც შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს ელექტროსადგურები.

შესაფერისი პირობების თანხვედრისა და გარკვეულწილად იღბლის წყალობით, მეცნიერებმა მზის მაგნიტური ველის გაზომვა უპრეცედენტო სიზუსტით შეძლეს. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენა პოტენციურად შეცვლის ჩვენს წარმოდგენებს მზის უახლოეს ატმოსფეროში მიმდინარე მოვლენათა შესახებ.

 

დავით ქურიძის თქმით, ყველაფერი, მაგნიტური ველი დომინირებს ყველაფერზე, რაც მზის ატმოსფეროს გარე ნაწილში ხდება, მაგრამ ძალიან ცოტა რამ ვიცით მისი სიძლიერისა და სივრცულ მახასიათებელთა შესახებ.

როგორც ქურიძე აცხადებს, ეს პარამეტრები ყველაზე კრიტიკულია, ყველაზე მნიშვნელოვანი მზის გვირგვინის (კორონა) ფიზიკაში. ის დაახლოებით იმას ჰგავს, დედამიწის კლიმატის კვლევა ვცადოთ ისე, რომ ტემპერატურა სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას არ გავზომოთ.

მზის დიამეტრი 1 400 000 კილომეტრია (დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ მეტი). მზე ჩვენი პლანეტიდან 150 000 000 კმ-ის მანძილზე მდებარეობს, მისი გვირგვინი კი  ზედაპირიდან მილიონობით კილომეტრზე ვრცელდება.

მზის ანთებები კაშკაშა გაელვებათა სახით ჩანს და ხდება მაშინ, როცა მზის მაგნიტურ სტრუქტურებში დაგროვებული ენერგია უცაბედად ატმოსფეროში გაიტყორცნება.

მაგნიტური ველის სისუსტის გამო ამ ენერგიების მაღალი სიზუსტით გაზომვა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი მთავარი და რთული ამოცანაა.

მაგნიტური ველის ზუსტ გაზომვას ამ დრომდე ხელს უშლიდა მზის ატმოსფეროდან დედამიწამდე მოღწეული იმ სიგნალის სისუსტე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მაგნიტური ველის შესახებ. ასევე ხელისშემშლელი ფაქტორი იყო მეცნიერთათვის ხელმისაწვდომ ინსტრუმენტთა შესაძლებლობები.

2017 წლის სექტემბერში, დავით ქურიძე 10 დღის განმავლობაში სწავლობდა განსაკუთრებით არამდგრად, აქტიურ ზონას მზის ზედაპირზე.

კვლევისათვის ქურიძის ჯგუფი იყენებდა კანარის კუნძულებზე, როკე-დე-ლოს-მუჩაჩოსის ობსერვატორიაში განთავსებულ 1-მეტრიან შვედურ ტელესკოპს. ამ ხელსაწყოს მზის ზედაპირის მხოლოდ ერთ პროცენტზე შეუძლია ფოკუსირება ნებისმიერ მოცემულ დროს. ქურიძეს საკმაოდ გაუმართლა, რადგან სწორედ საჭირო დროს აკვირდებოდა საჭიროა ადგილს მაშინ, როცა მზეზე ამოფრქვევა დაიწყო.

პროექტში ჩართული ერთ-ერთი მეცნიერის, ბელფასტის კვინსის უნივერსიტეტის ფიზიკისა და მათემატიკის სკოლის პროფესორის, მაიკლ მათიუდაკისის განცხადებით, ეს დაკვირვებები უნიკალურია, რადგან პირველად ისტორიაში, გვთავაზობს მზის კორონალური მარყუჟების მაგნიტური ველის დეტალურ რუკას.

დოქტორი დავით ქურიძე

დავით ქურიძე წარმოშობით ლანჩხუთის რაიონის სოფელი ნიგვზიანიდანაა. ის ამჟამად აბერისტვისის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევარია სერ კიმრის (Sêr Cymru) პროგრამის ფარგლებში. იგი ასევე არის ილიას უნივესიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამენიერო ფონდის პროექტის (FR17 323) მთავარი მკვლევარი.

დავით ქურიძე სტატიის „Mapping the Magnetic Field of Flare Coronal Loops“ („კორონალური მარყუჟების მაგნიტური ველის ტოპოგრაფია“) წამყვანი ავტორია. ნაშრომი ჟურნალში Astrophysical Journal დაიბეჭდა. სტატიის თანაავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის პროფესორები – თეიმურაზ ზაქარაშვილი და ვასილ კუხიანიძე.

კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arxiv.org.

მომზადებულია aber.ac.uk-ის მიხედვით.