მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დასაშვებობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს.
დაცვის მხარე აპირებს, პროცესზე მტკიცებულებათა ერთობლიობა წარადგინოს. ჩაბუქის ადვოკატის, ვახტანგ კვიჟინაძის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები იძლევა საფუძველს, რომ თურქეთის რესპუბლიკას უარი ეთქვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებაზე.
ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თურქეთის რესპუბლიკაში არასამართლიანი სასამართლო და პოლიტიკური დევნა ელოდება.
„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადაციო პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით. სხდომაზე განიხილება მათი შუამდგომლობა. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე წარადგენს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც პირდაპირ იძლევა საფუძველს, უარი ეთქვას თურქეთის რესპუბლიკას ექსტრადირებაზე, ვინაიდან აღნიშნული პიროვნება პირდაპირი რისკის ქვეშ იმყოფება, რომ იგი ექსტრადირების შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ასევე, ერთი პროცენტი შანსი არ არის, რომ მის მიმართ განხორციელდეს სამართლიანი სასამართლო. ზოგადად, ის ფაქტი, რომ მიემართა სასამართლოს პირის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ არის მისასალმებელი, ვინაიდან უგულებელყოფილ იქნა მთელი რიგი მტკიცებულებები, მიუკერძოებელი ნეიტრალური ორგანიზაციების ის დასკვნები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ერთ ფაქტზე, რომელსაც ადგილი აქვს თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან. რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს წამება და არაადამიანური მოპყრობა. აუცილებლად უარი უნდა ეთქვას მის ექსრადირებაზე. ჩვენ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ვახტანგ კვიჟინაძემ.
პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დასაშვებად ცნობაზე სასამართლოს შუამდგომლობით გუშინ მიმართა.