Amnesty International-ის ანგარიშში მუსტაფა ემრე ჩაბუქის და აფგან მუხთარლის საქმეებიც მოხვდა
Amnesty International-ის ანგარიშში მუსტაფა ემრე ჩაბუქის და აფგან მუხთარლის საქმეებიც მოხვდა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის საქმეებიც მოხვდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 24 მაისს თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ჩაბუქი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

ჩაბუქს თურქეთის მხარე ბრალს “ტერორიზმის მხარდაჭერასა“ და ფეთულა გულენთან კავშირში სდებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, მუსტაფა ჩაბუქს წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, მისი განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ჩაბუქმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. წლის ბოლოსთვის ის ჯერ კიდევ წინასაექსტრადიციო პატიმრობაში რჩებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება აფგან მუხთარლის, ანგარიშში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც პოლიტიკურ დევნას თავს საქართველოში აფარებდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს კი, მისი აზერბაიჯანში დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.

მუხთარლის მიმართ წაყენებული ცრუ ბრალდებით, აზერბაიჯანის პროკურატურა მას საზღვრის უკანონოდ კვეთასა და კონტრაბანდული ფულის გადატანაში ედავება. მუხთარლიმ საკუთარ ადვოკატს განუცხადა, რომ ის გაიტაცა და საზღვარი გადააკვეთინა ქართულად მოსაუბრე რამდენიმე მამაკაცმა, რომელთა შორის ზოგსაც  საქართველოს კრიმინალური პოლიციის უნიფორმა ეცვა“, – წერია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ საქმეში ქართველი სამართალდამცავების ჩართულობა უარყო, თუმცა მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის. წლის ბოლოსთვის, მუხთარლი აზერბაიჯანში პატიმრობაში რჩებოდა.

დატოვე კომენტარი