მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს
მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა, საკრებულოსთან ერთად, მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის.

ცვლილებებით, საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მერისთვის დაკისრება საკანონმდებლო ხარვეზია და იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს და არა – მერი, ამიტომ არათანაზომიერია, ასეთ დროს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს, მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდეს.

კოდექსის დღეს მოქმედი ნორმით, თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამ თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, როგორც საკრებულოს, ასევე მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება. მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება კი, შემდეგი წესით ხდება – ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს. საკრებულოს შეუძლია, არაუგვიანეს 25 ნოემბრის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მერს უკან დაუბრუნოს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია გაითვალისწინოს ან უცვლელი ფორმით დაუბრუნოს საკრებულოს იგი. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ან პირვანდელი რედაქცია არ დაამტკიცა, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია ბიუჯეტის პროექტი დააინიციროს, რომლის დასამტკიცებლადაც საჭიროა სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის თანხმობა. ამასთან, მოქმედი კოდექსის გათვალისწინებით, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს ვადამდე უფლებამოსილებას უწყვეტს. ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი არიან.

მათი განმარტებით, სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს და თუკი წარდგენილი ბიუჯეტის პროექტების დამტკიცება ვერ ხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა.

„კანონის მოქმედი რედაქცია ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის თაობაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს საკრებულოსაც და მერსაც, თუმცა რეალურად, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო ბერკეტი საკრებულოს ხელშია, რადგანაც სწორედ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე საბოლოო ეტაპზე თავად შეუძლია, დაამტკიცოს ბიუჯეტის ის პროექტი, რომელიც მერის მხრიდან ინიცირებულ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნებს ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროექტში.

ცვლილებებით, მერის უფლებამოსილებებს საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში ახალი უფლებამოსილება ემატება. კერძოდ, მერს შეეძლება საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს განმარტავს, რის შემდეგაც საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სავალდებულო იქნება.