გიორგი ტყემალაძე - თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულია დედაქალაქის ინტერესები და პროცესი ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობის პირობებში ხორციელდება
პროექტებს, რომლებიც დედაქალაქში განხორციელდება, ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობისათვის ურბანული პოლიტიკა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„მიღებულია გენერალური გეგმა – დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც გაიცემა ნებისმიერი დოკუმენტი, ყველა სამშენებლო ნებართვა“, – განაცხადა ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მერიის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულება თანმიმდევრულად მიმდინარეობს. მისი თქმით, დეგრადირებული სამრეწველო ფუნქციის მქონე ტერიტორიები და არეალები განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით განვითარდება, რაც მათთვის ახალი ფუნქციისა და დატვირთვის შეძენას გულისხმობს.
მისი თქმით, თბილისთან დაკავშირებული თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დედაქალაქის ინტერესები და ეს პროცესი თანამოქალაქეების ჩართულობის პირობებში ხორციელდება.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ბოლო პერიოდში წარმოებულ კამპანიას დედაქალაქში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები მაშინ აქტიურდებიან, როდესაც მათთვის მესაკუთრეა პოლიტიკურად საინტერესო,
„ანალოგიურ განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები მაშინ აქტიურდებიან, როდესაც მათთვის მესაკუთრეა პოლიტიკურად საინტერესო. ეს კამპანია კი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს, რომ მათ ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანა სურთ.
დარწმუნებული ვარ, წინა ხელისუფლების პერიოდში რომ მსგავსი პროექტები ყოფილიყო, ამასთან დაკავშირებით სახალხო ზეიმს მოაწყობდნენ. რეალურად მათ ხომ ძალიან კარგად ესმით, თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ის გარემოება, რომ ჩვენი ქვეყანა სწორად ვითარდება, სამწუხაროდ, მათთვის პრობლემაა“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.