მთავარი პროკურორის ანგარიში - 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი 7.5%-ით გაიზარდა
2017 წელს გასამართლებული 14 035 პირიდან 70,4%-ზე განაჩენი გამოტანილია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო 29,6%-ის მიმართ საქმე არსებითად განიხილეს, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი გაზრდილია 7.5%-ით.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენებიდან, ბრალდებულთა 5,1%-ის მიმართ (214 პირი) სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო 3.2%-ის მიმართ (134 პირი) – ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.
„2017 წელს გამამართლებელი განაჩენების დიდი ნაწილი გამოტანილ იქნა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ოჯახურ დანაშაულებზე. გამამართლებელი განაჩენების გამოტანის საფუძველი გახდა საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე ბრალდებულის ახლო ნათესავების მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით მინიჭებული – ჩვენების მიცემისაგან თავის შეკავების უფლებით სარგებლობა, ხოლო საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე – მტკიცებულებათა არასაკმარისობა (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არარსებობა)“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, 2016-2017 წლებში შემცირებულია საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი.
კერძოდ, 2014 წელს საპროცესო შეთანხმების დადებისას ჯარიმა გამოყენებული იქნა ბრალდებულთა 47%-ის, 2015 წელს – 44.6%-ის, 2016 წელს – 33,8%-ის, ხოლო 2017 წელს – 35.9%-ის მიმართ.