20 ივნისის საქმეზე კიდევ სამ ბრალდებულს, ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება უფორმდება
20 ივნისის საქმეზე კიდევ სამ ბრალდებულს, ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება უფორმდება

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულებს, ზურაბ ბუდაღაშვილს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ცოტნე სოსელიას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდების აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ.

სამივე მათგანმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალი აღიარა.

როგორც ცოტნე სოსელიამ სხდომაზე მოსამართლის საპასუხოდ განაცხადა, თავს დამნაშავედ ცნობს.

იგივე პოზიცია დააფიქსირეს კახაბერ კუპრეიშვილმაც და ზურაბ ბუდაღაშვილმაც. ამის შემდეგ პროკურორმა საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა წარადგინა.

მათთან ერთად, კიდევ ერთი დაკავებული, ბესიკ თამლიანი ბრალს არ აღიარებს. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების ბრალის ფორმულირება ასეთია – ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ასევე 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულებმა, გიორგი ჯავახიშვილმა და თორნიკე დათაშვილმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

დატოვე კომენტარი