გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, უახლოეს სხდომაზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შესაძლოა, უახლოეს სხდომაზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის მუხლებით დაკავებულ პირებს საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.

საბურთალოზე მცხოვრები ჩხარტიშვილი, გოგშელიძე და წაქაძე აგარაკზე, დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ და არც ავტომაგისტრალზე ყოფილან.

აღნიშნული პირებისთვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად საჭირო იყო განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, ასევე ე.წ. აგარაკის ეპიზოდზე დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის თანხმობა.

საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის ინფორმაციით, ჩიქოვანმა აღნიშნული თანხმობა ოფიციალურად დაადასტურა და დოკუმენტს ხელი მოაწერა.

დაკავებულების ადვოკატები სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან, რომელზეც საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს, თუკი მხარეებისთვის ყველა პირობა იქნება მისაღები.

„ჩემი ინფორმაციით, ჩიქოვანმა უკვე ხელი მოაწერა და თანახმაა, რომ დაკავებულებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება. ტექნიკურად თუ მოესწრო, დღესაც არის თეორიულად შესაძლებელი პროცესის ჩანიშვნა, თუმცა ზუსტად არ ვიცი. რა თქმა უნდა, საპროცესო შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ სამივე დაკავებული – საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე აღიარებენ მათთვის წარდგენილ ბრალს. დღის განმავლობაში გვეცოდინება, მოესწრება თუ არა დღეს სასამართლო სხდომის ჩანიშვნა. თუკი მხარეებისათვის ყველა პირობა იქნება მისაღები, მაშინ საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება შედგება“, – განაცხადა საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.