ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმება შესაძლოა, მეორე მსჯავრდებულთანაც გაფორმდეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმება შესაძლოა, მეორე მსჯავრდებულთანაც გაფორმდეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით მიმართა. უზენაეს სასამართლოში მსჯავრდებულების საქმის განხილვა 24 იანვრამდე სწორედ ამ მოტივით გადაიდო.

გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რათა საპროცესო შეთანხმების შესახებ პროკურატურამ საკუთარი პოზიცია წარმოადგინოს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ არც უარყო და არც დაადასტურა, რომ ბარბაქაძემ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში ბრალი აღიაროს.

ამასთან, ბარბაქაძის ადვოკატმა განცხადება გააკეთა და ყველას მიმართა, რომ შეთანხმების გარეშე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის სახელით, ნუ მივლენ მოკლული დადუნაშვილის ოჯახთან შერიგებისა და მოლაპარაკებების მიზნით.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარე პოზიციას ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 24 იანვრის სხდომაზე წარმოადგენს.

მეორე მსაჯვრდებულთან, გიორგი ჯანაშიასთან კი, საპროცესო შეთანხმება უკვე მიღწეულია.