პროკურორის ინფორმაციით, დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმებაა მიღწეული, – ამის შესახებ უზენაეს სასამართლოში საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.
რა პირობებს მოიცავს საპროცესო შეთანხმება, მას არ დაუკონკრეტებია.
პროკურორის თქმით, გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. პროკურორი არც იმას აკონკრეტებს, რა ინფორმაცია მიაწოდა ჯანაშიამ გამოძიებას აღიარების შემდეგ. უზენაეს სასამართლოში ამ საკითხზე დღეს პროკურატურა შუამდგომლობას დააყენებს.
„დღეს განახლდება საქმის განხილვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარე წარმოადგენს საკასაციო საჩივარს ბრალდებულ გ.ბ.-სთან მიმართებით. გარდა ამისა, ბრალდების მხარე წარმოადგენს შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით. საბოლოო ჯამში, სასამართლო ასევე მოისმენს საკასაციო საჩივარს გ.ბ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან. საპროცესო შეთანხმება მიღწეულია გ.ჯ.-სთან მიმართებით. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ ამის გათვალისწინებით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება. პირობებთან დაკავშირებით, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის შეთანხება შედგა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის. ამ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. თუმცა, ამ ეტაპზე მან მის მიერ განხორციელებული ქმედება აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება“, – განაცხადა პრკურორმა.
რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, რომელსაც ჯანაშიას მსგავსად 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი, მის საქმეზე დღეს, მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან.