მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ უბნებს შორის Forbes-მა „პლეხანოვი" დაასახელა
Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი უბნების ნუსხაში “პლეხანოვი” შეიყვანა. გამოცემის მიერ შედგენილ რეიტინგში თბილისის ეს უბანი, ბარსელონის სანტსთან, ამსტერდამის ნოორდთან, ათენის კერამიკოსთან და კარტახენის გეთსემანიასთან ერთად მოხვდა.
„2018 წელს შეიძლება საქართველოს წელი ვუწოდოთ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ადგილად იქცა. ხოლო თბილისი ყოველთვის პირველი ან ბოლო გაჩერებაა”, – წერს Forbes-ი.
როგორც სტატიის ავტორები წერენ, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად „პლეხანოვია“ დასახელებული.
„ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციულად მკვიდრი თბილისელები ცხოვრობენ და რომელიც ცნობილია ძველმოდური სახლებითა და სადარბაზოებით. ეს უბანი უფრო მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც ამ უბნის მთავარი გამზირის, აღმაშენებლის რესტავრაცია დასრულდა და ძველი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე კი ჰოსტელი, კაფეები, ბარები და მაღაზიები გახსნეს. აქ ახალგაზრდა კრეატიული ადამიანები და ტურისტები იკრიბებიან და ღამით ცოცხალ მუსიკას უსმენენ” -წერს Forbes-ი.