Forbes – საქართველო ტურისტებისა და დისტანციურად მომუშავეთათვის იდეალური მიმართულებაა
Forbes – საქართველო ტურისტებისა და დისტანციურად მომუშავეთათვის იდეალური მიმართულებაა

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით „რატომ არის კავკასიის ეს ქვეყანა თანაბრად იდეალური როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეებისთვის“.

სტატიის ავტორი რანა გუდი Forbes-ის მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებს, ბუნებას, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, კულტურას, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს აცნობს.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის ციტატა „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ.

„ცხოვრების შედარებით დაბალი ფასები, ხელმისაწვდომი Wi-Fi, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კვების ფართო არჩევანი დისტანციურად მომუშავეთათვის მიმზიდველია. თბილისი ძალიან პოპულარული გახდა ამ პროექტის მონაწილეებისათვის, რასაც ხელი შეუწყო გრძელვადიანი ვიზების გაცემამ, შედეგად 3 000-ზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი, ხოლო ქვეყანას ათასზე მეტი აპლიკანტი ეწვია. ამ პროექტმა პოზიტიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ სექტორზე, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი დისტანციურად მომუშავე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის შიგნით მოგზაურობს“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელებს დიდი ხნით დარჩენა შეუძლიათ.

„საქართველოს მოსახლეობა ოთხ მილიონზე ნაკლებია, საქართველო პატარაა, მაგრამ საოცრად მიმზიდველი როგორც მოგზაურებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავეთათვის. აქ ყველა რაღაცას იპოვის. პლაჟის, მთების, ღვინის, კულინარიის მოყვარულებს შეუძლიათ, იმოგზაურონ, ისიამოვნონ და ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღონ საქართველოში.

თუ შეგიყვარდათ ეს ქვეყანა და დიდი ხნით დარჩენა გსურთ, ეს ძალიან მარტივია, საქართველოს უნიკალური სავიზო რეჟიმი აქვს, რაც უცხოელებს საშუალებას აძლევს, ერთ წლამდე დარჩნენ ქვეყანაში. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია დისტანციურად მომუშავეთათვის“, – წერს ჟურნალისტი რანა გუდი და სტატიის დიდ ნაწილს თბილისის, სვანეთის, უშგულის, რაჭის აღწერას უთმობს.

სტატიაში მოთხრობილია იმერული, კახური, სვანური სამზარეულოს, ქართული ღვინის მომზადების წესებისა და ქვევრის 8 000-წლოვანი ისტორიის შესახებ.

Forbes-ის ჟურნალისტმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი