მსოფლიო ლიდერები საქართველოს უსამძიმრებენ
მსოფლიო ლიდერები საქართველოს უსამძიმრებენ

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულების გამო, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა შესაბამისი განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„ქართველ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ ბათუმში მომხდარი საზარელი ხანძრის გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულების გამო და ვუსამძიმრებ მათს ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„თანავუგრძნობთ ბათუმში, სასტუმროში ხანძრის დროს დაღუპულთა ახლობლებს. შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები ახლა საქართველოსთან არის“, – წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ სამძიმრის ტექსტში.

 

თურქეთის პრემიერ-მინისტრი

„დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ საღამოს საათებში, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის გამო, დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი და არიან დაშავებულებიც. პირადად მე და თურქეთის მთავრობა ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი ქართველი ხალხის მწუხარებას, მომხდარი ფაქტის გამო, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ და ქართველ ხალხს ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება“- ნათქვამია თურქეთის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

 

ტერეზა მეი

„ვწუხვარ ბათუმში, „ლეოგრანდის“ სასტუმროში მომხდარი ხანძრის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს“- წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

 

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს ქალაქ ბათუმში მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს”,- ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში” გაავრცელა.

 

ავღანეთის მთავრობა

„ავღანეთის მთავრობა საქართველოს ქალაქ ბათუმში, სასტუმროში ხანძრის მსხვერპლთა გამო, სამძიმარს გამოთქვამს. ჩვენი ფიქრები საქართველოს მთავრობასთან და კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახის წევრებთან არის”,- ნათქვამია ავღანეთის მთავრობის სამძიმარში. შესაბამისი განცხადება ავღანეთის პრეზიდენტის ოფისმა სოციალირ ქსელ „ტვიტერში”გაავრცელა.

 

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.