მოსკოვის „სპარტაკის” მწვრთნელი - საქართველოს ნაკრებში ანანიძეს პირველივე წუთებიდან არ ველოდი
მოსკოვის ”სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ რუსულ გამოცემა ”სპორტ-ეკსპრესთან” დაადასტურა, რომ საქართველოსა და ლიტვის ნაკრებებს შორის 24 მარტს გამართულ ამხანაგურ შეხვედრამდე ვლადიმირ ვაისს ესაუბრა, მაგრამ მისი თქმით, ჯანო ანანიძის სასტარტო შემადგენლობაში ხილვა გაუკვირდა.
საქართველოსა და ლიტვის ნაკრებების მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძე მძიმედ დაშავდა, 28 მარტს კი რომში ოპერაცია გაუკეთეს.
ლიტვასთან მატჩის შემდეგ ”ჯვაროსნების” სლოვაკმა დამრიგებელმა განაცხადა, რომ ჯანოს მდგომარეობაზე მოსკოვში ”სპარტაკის” მწვრთნელს ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ჯანო სრულად გამოჯანმრთელდა.
”ვაისთან ნამდვილად ვისაუბრე, რომ ანანიძეს ნაკრებში თამაში ფორმის აღდგენაში დაეხმარებოდა, მაგრამ ისიც ვუთხარი, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო, ამიტომ ლიტვასთან პირველივე წუთებზე მოედანზე მის გამოჩენას არ ველოდი” – ამბობს კარერა.