ტაბიძემ „სპარტაკის“ დაინტერესებაზე კომენტარი გააკეთა - ქართველის ტრანსფერზე ფსონებს იღებენ
ტაბიძემ „სპარტაკის“ დაინტერესებაზე კომენტარი გააკეთა - ქართველის ტრანსფერზე ფსონებს იღებენ

ორი კვირის წინ, მოსკოვის „სპარტაკის“ გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი გახდა, რომელიც ადრე ანალოგიურ პოსტზე „უფას“ საფეხბურთო კლუბში მუშაობდა. ამის გამო ხმები გავრცელდა, რომ ბაშკორტოსტანის გუნდის წამყვანი მოთამაშეებით მოსკოვური გუნდი დაინტერესდა.

გამოცემა „ჩემპიონატის“ ცნობით, მოსკოვის „სპარტაკი“ „უფას“ სამი ფეხბურთელით დაინტერესდა, მათ შორის ჯემალ (ჯიმი) ტაბიძის ტრანსფერით და ამ სამეულის გადასვლზე რუსეთში ტოტალიზატორებში ფსონებს იღებენ.

„ტოტალიზატორები ფსონებს იღებენ, „უფას“ სამი მოთამაშიდან, რომელიმე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „სპარტაკში“ გადავა თუ არა. ანალიტიკოსების აზრით, ეს აუცილებლად მოხდება. ტრანსფერზე კოეფიციენტი 1,29-ია, რაც გადასვლის 71-პროცენტიან ალბათობას გულისხმობს. საპირისპირო ვარიანტს, ანუ „უფას“ მოთამაშეთა არგადასვლის შანსს ექსპერტები 3.26 კოეფიციენტით აფასებენ – ანუ მხოლოდ 29 პროცენტით“ – წერს „ჩემპიონატი“.

საქართველოს პირველი არხი ჯიმი ტაბიძეს რუსეთში დაუკავშირდა და გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით კომენტარი ჩამოართვა.

„მსგავსი რამ ყოველდღე იწერება. ცხადია, მეც გავიგე, რომ ასეთი ინტერესი არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ მედიიდან გავიგე და ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამ დაინტერესებაზე დიდი ინფორმაცია არ მაქვს“, – ამბობს ტაბიძე საქართველოს პირველ არხთან.