ტრაგედია, რომელიც 66 წლის წინ თბილისში მოხდა - რუსულმა გამოცემამ თბილისის „დინამოს“ შურისძიება გაიხსენა (ვიდეო)

66 წლის წინ, 1954 წლის 4 აპრილს, თბილისში „დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ შეხვედრა გაიმართა, რომელიც თბილისელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს.

მატჩამდე „დინამოს“ სტადიონზე დიდი ტრაგედია მოხდა – აკსელ ვართანიანმა რუსულ გამოცემა „სპორტ-ეკსპრესში“ ეს ამბავი და მატჩამდე არსებული განწყობები გაიხსენა. ის, რაზეც რუსეთში ლაპარაკი არ უყვართ – რატომ იყო ეს და ზოგადად, სხვა ქართულ-რუსული საფეხბურთო მატჩები პოლიტიზებული.

„66 წლის წინ, 1954 წლის 4 აპრილს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გახსნის მატჩამდე, თბილისის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან, „დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ათეული გულშემატკივარი გარდაიცვალა. თამაში ძალიან პრინციპული იყო, 35-ათასიანმა სტადიონმა კი, ყველა მსურველი ვერ დაიტია და ბევრი მათგანი ჭყლეტაში გარდაიცვალა“, – წერს აკსელ ვართანიანი.

აკსელ ვართანიანმა ამ ყველაფრის წინაპირობა არ დამალა: 1953 წლის ჩემპიონატში, იოსებ სტალინის გარდაცვალებისა და ლავრენტი ბერიას დახვრეტის შემდეგ ანტიქართული ისტერიის გამო, თბილისის „დინამოს“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის შანსი წაართვეს.

„ფეხბურთი საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა იყო. თბილისში საფეხბურთო მატჩებზე ბილეთის შეძენა პრობლემური იყო – მით უფრო იმ დროს და განსაკუთრებით, „სპარტაკთან“ შეხვედრაზე, რომელიც თბილისელთა პრინციპული მეტოქე გახლდათ. ეს იყო წინა სეზონის ორი საუკეთესო გუნდის შეხვედრა“, – წერს ავტორი.

აკსელ ვართანიანი ქართველების მაშინდელი განწყობების მიზეზებსაც იხსენებს: „წინა სეზონის ფინიშზე მომხდარი მძიმე მოვლენების კონტექსტში, მატჩმა პრინციპული ხასიათი შეიძინა. 1953 წლის ბოლოს, კომუნისტური პარტიის მმართველების გადაწყვეტილებით, თბილისელებს ოქროს მატჩში მონაწილეობის უფლება წაართვეს და ჩემპიონად „სპარტაკი“ გამოაცხადეს. ქართველი ფეხბურთელებისთვის ხელისუფლების მიერ 1953 წელს წართმეული საჩემპიონო შანსის შემდეგ ეს პრინციპული მატჩი იყო. უკიდურესად დიდი იყო მათი მოტივაცია, სპორტული თვალსაზრისითაც უპირატესობა ჰქონდათ (გაზაფხულზე სამხრეთის გუნდები უკეთ გამოიყურებოდნენ), გადაჭედილი ტრიბუნები კი, მათთვის ძლიერმოქმედი დოპინგის როლს ასრულებდნენ“.

ვართანიანი ტრაგედიის დეტალებს აღწერს: „დედაქალაქისკენ საქართველოში მცხოვრები ლამის ყველა მამაკაცი დაიძრა. მსურველთა რაოდენობამ ტრიბუნების ტევადობას ბევრად გადააჭარბა. უზარმაზარ ციფრებს ასახელებენ – 200 ათასს, 350 ათასს და სრულიად წარმოუდგენელ 500 ათასსაც. უბილეთო ადამიანების მრავალრიცხოვანი ჯგუფი სტადიონის ერთადერთ შესასვლელს მიაწყდა – გენერალური იერიშიც მალევე დაიწყო. ადამიანურ სტიქიასთან გამკლავება ვერც მილიციის რაზმებმა შეძლეს. მასას ვერც რკინის ღობეებმა გაუძლო და დიდი ზეწოლის შემდეგ ჯართად გადაიქცა. წარმოუდგენელი ჭყლეტვის შედეგად, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგედიის შესახებ რამდენიმე საათში ინფორმაცია უცხოურმა რადიოსადგურებმა გაავრცელეს. ყვებოდნენ დეტალებზე, 60 ან 70 გარდაცვლილზე“.