წარმატებული კაპიტანი, რომლის დროსაც „დინამო“ შინ ხუთი წელი არ აგებდა - მანუჩარ მაჩაიძე 75 წლის გახდა #1TVSPORT
წარმატებული კაპიტანი, რომლის დროსაც „დინამო“ შინ ხუთი წელი არ აგებდა - მანუჩარ მაჩაიძე 75 წლის გახდა #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე 75 წლის გახდა. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი 1949 წლის 25 მარტს ამბროლაურში დაიბადა. ორი წლის იყო, როცა ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად – სწავლობდა ნაძალადევში, 112-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1966 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა.

მაჩაიძე 1967 წელს თბილისის „დინამოს“ დუბლშემადგენლობაში ჩარიცხა, მთავარ გუნდში კი 1968 წლის ივნისიდან, 19 წლის ასაკში დააწინაურეს. სულ „დინამოში“ ჩატარებულ 431 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა. იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი, მოპოვებული აქვს ოთხი ბრინჯაოს მედალი, ორჯერ – სსრ კავშირის თასი, ხოლო საბჭოეთის სპარტაკიადაზე – ვერცხლის მედალი (1979).

1980 წელს გუნდის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო კაპიტანს და მის უმცროს ძმას, გოჩა მაჩაიძეს „დინამოს“ დატოვება მოუხდათ. თბილისის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ მანუჩარ მაჩაიძე თამაშობდა ტაშკენტის „ფახთაქორში“, შემდეგ მოსკოვის „სპარტაკში“. 1981 წელს მაჩაიძე ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა და გუნდს უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

მანუჩარ მაჩაიძის თბილისის „დინამოს“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის კაპიტნობის პერიოდშიც გუნდმა საბჭოთა კავშირში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა – არც მანამდე და არც მას შემდეგ ქართულ ფეხბურთს ასეთი წარმატებული კაპიტანი არ ჰყოლია. საბჭოთა კავშირში და საერთაშორისო სარბიელზე (1936–1989) თბილისის „დინამოს“ სულ ხუთი ტიტული ჰქონდა მოგებული და აქედან სამი – მაჩაიძის კაპიტნობის დროს.

მანუჩარ მაჩაიძეს კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი უკავშირდება – მისი კაპიტნობის პერიოდში (1976 წლის 22 აგვისტოდან 1980 წლის 22 აპრილამდე) „დინამოს“ შინ მარცხი არ განუცდია, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა გუნდის ისტორიაში. ამ ხუთი წლის განმავლობაში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატსა და თასზე 73 მატჩი გამართა, 55 მოიგო და 18 ფრედ დაასრულა.

მანუჩარ მაჩაიძეს ასევე ეკუთვნის კლუბის კიდევ ერთი არაოფიციალური რეკორდი – ჩემპიონატში, თასზე და საერთაშორისო სარბიელზე ზედიზედ 150 მატჩი გაცდენის გარეშე ჩაატარა.