„მოხეტიალე ფორვარდი“, რომელმაც ინგლისური საფეხბურთო სქემა შეცვალა - დღეს „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტნის, ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა #1TVSPORT
„მოხეტიალე ფორვარდი“, რომელმაც ინგლისური საფეხბურთო სქემა შეცვალა - დღეს „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტნის, ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა – თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტანის, რომელიც კლუბის ღირსებას რეკორდული 16 წელი იცავდა, 181 მატჩი ჩაატარა და 98 გოლი გაიტანა.

ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიქეთში დაიბადა. მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებლად ფოთში გადავიდა, სადაც ფეხბურთი უკვე საკმაოდ პოპულარული იყო. 16 წლის ბორის პაიჭაძემ თამაში ფოთის გემთშემკეთებელი ქარხნის გუნდში დაიწყო, საიდანაც 1934 წელს თბილისის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდში მიიწვიეს, რომელიც საქართველოს უძლიერეს გუნდად მიიჩნეოდა – თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ეს იყო ხმაურიანი ტრანსფერი. პაიჭაძის გუნდი თბილისის პირველობის ფინალში „დინამოს“ შეხვდა და 4:2 დაამარცხა.

ნიჭიერი ახალგაზრდა 1936 წელს თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს, რომელიც მანამდე გამორჩეული გუნდი არ იყო, მაგრამ ამ წელს დაიწყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის „ბ“ ჯგუფში თამაში და საქართველოს კლუბებიდან საუკეთესო მოთამაშეები დაიმატა.

ბორის პაიჭაძემ თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ბოლოს 1951 წლის 31 აგვისტოს, მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ითამაშა. იყო საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940), ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1936, 1946, 1947, 1950) და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის ფინალისტი.

ბორის პაიჭაძემ საბჭოთა კავშირში პირველმა დაარღვია ინგლისელთა მიერ დადგენილი საფეხბურთო სქემა (4-2-4, ანუ ე.წ. „დუბლვე“) და ადგილის სისტემური მონაცვლეობით თავდასხმის მანევრულ თამაშს მისცა დასაბამი.

„დასავლეთ ევროპის ფეხბურთელთა გუნდების უძლიერესი თავდამსხმელების თამაში მინახავს – უნგრელი ჰიდეგკუტის, ავსტრიელი დინსტის, რუმინელი ენეს, შვედი ნორდალის, გერმანელი ვალტერის, ინგლისელი კევანის, სახელგანთქმული ფრანგი კოპას. მათგან მხოლოდ რაიმონ კოპამ მომაგონა პაიჭაძის თამაში. სანამ იარსებებს ფეხბურთი, თაობიდან თაობას გადაეცემა ლეგენდა „მოხეტიალე ფორვარდის“, ბორის პაიჭაძის შესახებ“, – წერდა ფეხბურთის ცნობილი თეორეტიკოსი და ჟურნალისტი მარტინ მერჟანოვი.

„ეს იყო ისეთი თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი, იმდენი რამის გაკეთება შეეძლო, რომ საფეხბურთო ეშმაკობანი თითქმის არ სჭირდებოდა. მას ყველაფერი ჰქონდა მომადლებული – განსაცვიფრებელი ტექნიკა, ზუსტი და ძლიერი დარტყმა, ფიზიკური ძალა, გემოვნება, პლასტიკა, უმდიდრესი ფანტაზია. ერთი სიტყვით, ეს იყო უდიდესი ფეხბურთელი. ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიმკიდა, ვიდრე დი სტეფანო ან პელე“, – ეს უკვე ანდრო ჟორდანიას სიტყვებია.

1937 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კარიერაში რვა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში ამ მაჩვენებლით, უკრაინელ ოლეგ პროტასოვთან ერთად, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

1988 წელს ბორის პაიჭაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 1963–1985 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ სტადიონის დირექტორი, ხოლო 1990 წლიდან საქართველოს მთავარი და ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი მის სახელს ატარებს. 1995 წლის 29 მარტს კი საზეიმოდ გაიხსნა ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი.

2001 წლის 26 მარტს სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. 2015 წლის 3 თებერვალს რუსთავში, ბორის პაიჭაძის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიაში ბორის პაიჭაძის მემორიალური დაფა გაიხსნა, ხოლო აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი მიენიჭა.

2015 წლის 3 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაწესდა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის.