კვირკველიას გუნდი, შესაძლოა, კარპინმა გაწვრთნას
კვირკველიას გუნდი, შესაძლოა, კარპინმა გაწვრთნას

მოსკოვის „ლოკომოტივი“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია თამაშობს, მოლაპარაკებებს ვალერი კარპინთან აწარმოებენ – ინფორმაციას იტალიური გამოცემა „ტუტომერკატო“ ავრცელებს.

ავტორის ცნობით, უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული რკინიგზის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელები 51 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, მაგრამ ამ დროისთვის შეთანხმება არ მიღწეულა.

კარპინი 2017 წლიდან „როსტოვს“ ავარჯიშებს. დაუსრულებელ სეზონში, „როსტოვმა“ რუსეთის პრემიერლიგაში გამართულ 22 მატჩში 38 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა. კარპინი იყო მოსკოვის „სპარტაკის“, ესპანური „სელტას“ და რუსეთის ნაკრების წამყვანი მოთამაშე. კარიერის შემდეგ ავარჯიშებდა მოსკოვის „სპარტაკს“, „მალიორკას“ და არმავირის „ტორპედოს“.

კარპინმა ყველაზე დიდ წარმატებას მოსკოვის „სპარტაკში“ მიაღწია, რომელთანაც ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი. მისი ხელმძღვანელობით თამაში მოუხდა ჯანო ანანიძეს, ვისაც რუსი სპეციალისტი ენდობოდა და ათამაშებდა.

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ 22 მატჩში 41 ქულა დააგროვა და რუსეთის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს. მოუხედავად წარმატებული გამოსვლისა, გუნდის ხელმძღვანელობას ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან, იური სიომინთან თანამშრომლობის გაგრძელება არ სურს.