კვარაცხელია „სპარტაკთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს - მის ანგარიშზე ყველაზე მნიშვნელოვანი სასარგებლო მოქმედებებია
კვარაცხელია „სპარტაკთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს - მის ანგარიშზე ყველაზე მნიშვნელოვანი სასარგებლო მოქმედებებია

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საგაზაფხულო ეტაპის პირველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა შესანიშნავად ჩაატარა მე-20 ტურის გასვლითი მატჩი და პრიზს დამსახურებულად დაეუფლა. ამაზე 20 წლის ფეხბურთელის მოქმედებები მეტყველებს: მე-4 წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან კარში დაარტყა და მსაჯი ვალდებული იყო, „სპარტაკის“ კარში პენალტი დაენიშნა, რადგან საჯარიმოში გიორგი ჯიქიამ ბურთი ხელით მოიგერია, მაგრამ მსაჯმა ამაზე თვალები დახუჭა.

ხვიჩასთან უხეშობისთვის ორმა სპარტაკელმა ყვითელი ბარათი მიიღო, მესამე შემთხვევაში კი მსაჯმა მოსკოველები ისევ დაინდო. მეორეჯერ მის წინააღმდეგ რუსეთის ნაკრების წევრი, რომან ზობნინი გააფრთხილეს, რომელიც 45-ე წუთზე მეორე ყვითელის გამო მოედნიდან გააძევეს.

53-ე წუთზე ყაზანელთა თავდამსხმელმა ჯორჯ დესპოტოვიჩმა ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი საგოლე გადაცემით გახსნა. 65-ე წუთზე სერბ თავდამსხმელს დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც ხვიჩა მცველებს ეფექტურად გაცდა და კარის წინ უპასა, მაგრამ დესპოტოვიჩს მცველმა ხელი შეუშალა და გატანა ვერ მოახერხა. თუმცა, მან „სპარტაკის“ კარი მეორედ მაინც აიღო და ეს გოლიც კვარაცხელიას დამსახურება იყო. 20 წლის ქართველის მისი დარტყმული ბურთი მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ დესპოტოვიჩმა დამატებაზე გაიტანა და „რუბინმა“ 0:2 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 17 მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მეხუთედ დაასახელეს.

„ამ ეპიზოდში ხვიჩამ მიაკაკუნა იმ კარზე, სადაც საუკეთესო მოთამაშის პრიზს არიგებენ“, – განაცხადა მატჩის კომენტატორმა, როდესაც კვარაცხელიას გადაცემით დესპოტოვიჩმა ვერ გაიტანა.

მატჩის ბოლოს, როდესაც ჯორჯ დესპოტოვიჩმა დუბლი შეასრულა, კომენტატორები განიხილავდნენ, საუკეთესო მოთამაშის პრიზი სერბს ეკუთვნოდა თუ ქართველს, რაზეც ერთ-ერთმა კომენტატორმა თქვა: „საუკეთესო მაინც ხვიჩა მგონია, რადგან მის ანგარიშზე ყველაზე მნიშვნელოვანი სასარგებლო მოქმედებებია“.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ათი მოგებული ორთაბრძოლაა, რაც ძალიან კარგი შედეგია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მშვენივრად ჩატარებული შეხვედრის შედეგად, ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვში 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.