მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად ცნო
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად ცნო

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს. სასამართლოს წევრებმა დაადგინეს, რომ პარტიამ ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი პრინციპები დაარღვია.

კერძოდ, მედიის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ პარტიის საქმიანობა არ შეესაბამება მოლდოვის კონსტიტუციის 41-ე მუხლის მეოთხე პუნქტს, რომლის თანახმადაც, „პარტიები და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთა მიზნები ან საქმიანობა მიმართულია პოლიტიკური პლურალიზმის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების, მოლდოვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, არაკონსტიტუციურია“.

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ნიკოლაე როშკას განცხადებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან პარტია დაშლილად ითვლება, მისი ნებისმიერი დოკუმენტი კი ძალადაკარგულია. ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ უნდა ჩამოაყალიბოს კომისია პარტია „შორის“ ლიკვიდაციისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ამ პარტიის დეპუტატები თავიანთ მანდატს გააგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

თავად პარტიის თავმჯდომარემ, ილან შორმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ილან შორის პარტიის კონსტიტუციურობის შესაბამისობის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მოლდოვის მთავრობამ მიმართა.

„როდესაც მივაღწევთ სამართლიანობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ეს კი აუცილებლად მოხდება, ჩვენ მოვითხოვთ პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ უკანონო პროცესში, რომელმაც ფუნდამენტური უფლებები შეზღუდა. ამ უკანონობის შემსრულებლებიდან ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას“, – დაწერა შორმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. შორის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დგას.

პრეზიდენტი სანდუ აცხადებს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ხალხი ელოდა.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოება ელოდა სწორედ იმიტომ, რომ მოლდოველები აფასებენ და სურთ, იცხოვრონ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც დანაშაულებრივ ორგანიზაციების კი არ იცავენ, არამედ ართმევენ ქვეყნის მიტაცების საშუალებას. კორუფციითა და კორუფციისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტია საშიშია სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ახლა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა გაანალიზონ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები და გადადგან შემდგომი ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულებისთვის“, – განაცხადა სანდუმ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „შორი“ შემოდგომაზე მოლდოვაში დაწყებული ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორია.

აპრილში კიშინეუს სასამართლომ პარტია „შორის“ ლიდერს, ქვეყნიდან გაქცეულ ბიზნესმენს, ილან შორს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ილან შორი 2015 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის გატანის სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტია. 2019 წლის ივნისში შორმა მოლდოვა დატოვა და ამჟამად ისრაელში ცხოვრობს.

მაისში ევროკავშირმა ილან შორს სანქციები დაუწესა „მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებებისთვის“.