შალვა პაპუაშვილი - არცერთი დათქმაც რომ არ შევასრულოთ, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით მაინც ლიდერი ვართ, იმედია, ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს
შალვა პაპუაშვილი - არცერთი დათქმაც რომ არ შევასრულოთ, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით მაინც ლიდერი ვართ, იმედია, ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველო, რომელიც უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული, ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები დამსახურებაზე დაფუძნებული არ არის.

„რაც შეეხება ევროპული საბჭოს განცხადებებს და გადაწყვეტილებებს, მისასალმებელია, რომ გვაქვს კლავ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს, ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. დღეის მდგომარეობით, არის გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს უსამართლობას გადაწყვეტილებებში. არაფერს ვამბობ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული. ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა და აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ, სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ამ წლის განმავლობაში, საბოლოო ჯამში, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, რათა ევროკავშირი დაარწმუნოს, დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული.

„უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება აკეთებს იმას, რომ, ყველა ობიექტური შეფასებით, მათ შორის, ევროკომისიის შეფასებითვე, საქართველო ამ სამ ქვეყანასთან, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით ლიდერია. ლიდერი არის დათქმების გარეშეც. ამ ცხრა დათქმიდან არცერთი რომ არ შევასრულოთ, მაინც ლიდერები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ, თავად ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ლიდერია ყველა პარამეტრით, საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება უსამართლო გადაწყვეტილებებით. ეს არის სამწუხარო და საქართველოს ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, რასაც აკეთებს, მუშაობს იმაზე, რომ ევროკავშირი დაარწმუნოს, გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი. რაც შეეხება ცხრა ნაბიჯს და ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო ნაწილს, გვქონდა სამუშაო ფორმატები, რომლებიც ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორთან განვიხილეთ, დაინიცირდა პროექტები და პირველი მოსმენით უკვე მიღებულია ყველა პროექტი, მიმდინარეობს მეორე და მესამე მოსმენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.