კიშინეუს სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების საქმეზე მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი გაამართლა
კიშინეუს სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების საქმეზე მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი გაამართლა

კიშინეუს სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების საქმეზე მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი გაამართლა.

სასამართლოს განმარტებით, ყოფილი პრემიერის ქმედებები არ შეესაბამება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ანტიკორუფციული პროკურატურა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სააპელაციო სასამართლოში საჩივრის წარდგენის ვადა 15 დღეა.

„ანტიკორუფციული პროკურატურა ამ განაჩენს გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში, რადგან მიიჩნევს, რომ დანაშაულის მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენისთვის“, – განაცხადეს უწყებაში.

მედიასთან საუბრისას ფილატმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებები, უკვე ცხრა წელია, გრძელდება.

„ვფიქრობ, მოლდოვაში უკვე დადგა დრო, რომ უკანონო ბრალდებებს, სასამართლოებში ადამიანების მრავალწლიან ყოფნას უნდა მოჰყვეს შედეგები“, – განაცხადა მან.

სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს 2019 წელს გადაეცა. საქმის მასალების თანახმად, 2013 წლის ივლისში ფილატმა, რომელიც მაშინ პრემიერის თანამდებობას იკავებდა, ამერიკულ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად. გამოძიების ცნობით, ფილატმა კომპანიას 12,84 მილიონი ლეი (675 ათასი ევრო) გადაუხადა. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფილატი ლობისტებს მომსახურების სანაცვლოდ კორუფციული გზით მიღებულ ფულს უხდიდა.