მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი - ელისო კილაძის შვილი ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნის და მემუქრება [ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გავემიჯნე და ამის გამო, ელისო კილაძემ ჩემზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მე კი ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე, რომ ელისო კილაძეს არ შევეკითხები, ვისთან ვიმეგობრებ. სტატუსის გამო, კილაძის შვილი ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნის და მემუქრება, – ამის შესახებ მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა შალვა კუჭაშვილმა განაცხადა.
შალვა კუჭაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას ახდენენ. ამასთან, აღნიშნა, რომ უწყებას კონკრეტულ შეტყობინებებს მიაწვდის.
„ელისო კილაძის შვილი მეუბნება, რომ სტატუსი წავშალო, თორემ უბანში ყურს ამიწევენ. ასევე მემუქრება, რომ ამ აქციაზე ჰყავს აგენტურა და ისინი მომძებნიან. ეს არის არასრულწლოვანზე ზეწოლა. შსს-ს მივმართავ, ახლა მაინც მიხედეთ ხარშილაძეს. იმის გამო, რომ იმ აქციას გამოვეყავი, რადგან ისინი პოლიტიკურ დივიდენტებს იწერენ, ამის გამო ახლა მე მემუქრებიან. მემუქრება ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე. ის თავისი მესენჯერიდან მწერს მუქარისა და უცენზურო სიტყვების შემცველ ხმოვან შეტყობინებებს. ასევე მეუბნება, რომ მამაჩემი და ბიძაჩემი არიან პატიმრობაში და მათ იქ მიხედავენ და ასე შემდეგ. მე არ მეშინია. ამ კონკრეტულ მესიჯებს მივაწვდი შსს-ს. თქვენი, მედიის მეშვეობით მივმართავ სამართალდამცველებს. ეს არის ჩემი დაბულინგების მცდელობა“, – განაცხადა შალვა კუჭაშვილმა.
ამასთან, შალვა კუჭაშვილმა ჟურნალისტებს ხმოვანი შეტყობინება მოასმენინა.
„ბიჭო, წაშალე ეგ ელისოზე სტატუსი ბიძია შენ. არეულხარ ნამეტანი სიმონ და არ შეიძლება მასე მოქცევა, პატარა ბიჭი ხარ. ისე არ გამოგივიდეს მერე, რომ ყურის აწევა მოუწიოთ შენ უბნელებს შენთვის“.
რამდენიმე საათის წინ, მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა შალვა კუჭაშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გაემიჯნა.