ვაკის პარკის აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივ საბჭოს ქმნიან
ვაკის პარკის აქციის ორგანიზატორები საზოგადოებრივ საბჭოს ქმნიან

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად თბილისში, ვაკეში გამართული აქციების ორგანიზატორები საზოგადოებრივ საბჭოს ქმნიან.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, საბჭო სტუდენტებისა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნული გეგმა მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები რეაგირების გარეშე დატოვა. ახალგაზრდებმა ვაკის პარკში სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე მთავრობას საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს, რომელიც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტდება.

„ვეცდებით, ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც გაუწევს მკაცრ მონიტორინგს ხელისუფლებას. გვაინტერესებს რა მოხდა ხორავას ქუჩაზე, გვაინტერესებს მაჩალიკაშვილებს გასცენ პასუხი. ასევე ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება სამართლიანობის აღდგენა დავიწყოთ შუა ნაწილიდან, იმ ცხრაწლიანი რეჟიმის შემდეგ არის ბევრი ოჯახი, რომელიც დაზარალდა და დღემდე არ მიუღია პასუხი“, – განაცხადა  ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რევაზ ქარჩხაძემ და აღნიშნა, რომ ისინი მეტროს პრობლემითაც დაინტერესებული არიან.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა პოზიცია აქვთ იმის შესახებ, რომ პრემიერი შეხვედრასთან დაკავშირებით მათ თხოვნას არ გამოეხმაურა.

„ჩვენთვის ძალიან საწყენი იყო, რომ პრემიერმა არ გაგვცა პასუხი, მაგრამ ჩვენ ამას არ მოვაყოლეთ ბოთლების სროლა, არამედ შევქმენით საბჭო, ჩვენ ამ ნაბიჯით ვაგრძელებთ ურთიერთობას“, – განაცხადა რევაზ ქარჩხაძემ.

საზოგადოებრივი საბჭო ოფიციალურად სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში შეიქმნება.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ვაკის პარკში აქციები „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ 3-4 ივნისს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გუშინ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.