ელისო კილაძემ და ზაზა სარალიძემ სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის მიზეზებზე გერმანიის საელჩოში წერილი შეიტანეს
ელისო კილაძემ და ზაზა სარალიძემ სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის მიზეზებზე გერმანიის საელჩოში წერილი შეიტანეს

ელისო კილაძემ და ზაზა სარალიძემ გერმანიის საელჩოში ელჩის სახელზე წერილი მიიტანეს, სადაც სიმართლის დადგენაში დახმარებას ითხოვენ.

ელისო კილაძის თქმით, ქართულმა მხარემ მისი, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლა სცადა და გერმანიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი.

„მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მივემგზავრებოდით მიუნხენის გავლით სტრასბურგში. ვიზიტის ორგანიზატორი იყო ამერიკის მოქალაქე, ორგანიზაციის „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი პაატა აბჟანდაძე.  როდესაც აბჟანდაძე ჩაფრინდა მიუნხენის აეროპორტში, ის შეაჩერეს, დაუსვეს კითხები, თუ რა კავშირი ჰქონდა ისლამთან, იცნობდა თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს.  ფედერალურმა პოლიციამ განუცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი და ჩვენ ის შეგვყავდა გერმანიის ტერიტორიაზე. რამდენიმესაათიანი მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ სუს-ის წარმომადგენლებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს გერმანულ მხარეს“, – აცხადებს ელისო კილაძე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ შსს და სუს-ი წინასწარ იყო ინფორმირებული.

„ჩვენ წინასწარ მივმართეთ შსს-ს და სუს-ს, ხომ არ არსებობდა რაიმე შემაფერხებელი გარემოება ჩვენ მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. სუს-სსგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის შსს-ს პრეროგატივა, შსს-ს კი რაიმე აკრძალვების თაობაზე ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია“,-აცხადებს კილაძე.

მისივე თქმით, საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს, სრულ ინფორმაციას გადასცემს ვიზიტის მიზნებზე, ასევე გადასცემს იმ მიმოწერის ასლებს, რაც საქართველოს ძალოვან უწყებასთან ჰქონდა.

ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლებას მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება არ სურს და მისი თავიდან მოშორება აქვს განზრახული.

„საქართველოში თავს დაცულად არ ვგრძნობ. ჩვენ ვიყავით მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ის პირები, ვისთანაც შეხვედრა გვინდოდა, თვითონ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რათა დეტალურად მოვახსენოთ, რისი თქმაც გვსურდა “,-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დატოვე კომენტარი