ადვოკატი - ლაშა ფურცხვანიძე გააგრძელებს თანამშრომლობას გამოძიებასთან, გაუკვირდა დაკავების ამბავი, მისი ბრალეულობა არაფერი არ არის
ადვოკატი - ლაშა ფურცხვანიძე გააგრძელებს თანამშრომლობას გამოძიებასთან, გაუკვირდა დაკავების ამბავი, მისი ბრალეულობა არაფერი არ არის

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებული პირები გვიან ღამით, წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებმა მოინახულეს.

როგორც „გრინსერვის +“-ის თანამშრომლებისა და კომპანიის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და არანაირი შემხებლობა დოკუმენტაციის გაყალბებასთან, ან არასწორად შესრულებულ სამუშაოებთან არ აქვთ.

„მე დღეს შევხვდი ლაშა ფურცხვანიძეს. იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, ის ნამდვილად მართალია. გავესაუბრე, დეტალები გავიარეთ. ჯერ ბრალი და საქმის მასალები არ გადმომცემია და საქმეს დეტალურად ვერ ვიცნობ. უბრალოდ, მას გაუკვირდა დაკავების ამბავი. დღეში სამჯერ მიდიოდა გამოკითხვაზე და თუ დასაკავებელი იყო, მივიდოდა და დააკავებდნენ. რამ გამოიწვია სამსახურში, ოფისში მისი დაკავება, გაუგებარია. ჩვენება ყველაფერი გამოძიებისთვის დეტალურად აქვს მიცემული. იგი თანამშრომლობდა და გააგრძელებს თანამშრომლობას. მისი ბრალეულობა არაფერი არ არის“, – აცხადებს ადვოკატი მამუკა ბლიაძე.

უფლებადამცველის ინფორმაციით, პროექტის შეცვლა რამდენჯერმე განხორციელდა, რის შესახებაც ქალაქ თბილისის მერია ინფორმირებული იყო. დასრულების შემდეგ კი შემოწმების სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„როგორც ვიცი, პროექტი რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ რაც შეიცვალა ყველაფერი შეთანხმებული იყო მერიის სამსახურებთან და როცა ცვლილება შედიოდა, იმის მიხედვით ხდებოდა ყველა სამუშაოს განხორციელება. მერიასთან შეთანხმებული იყო, რაც იცვლებოდა, ცვლილების შემდგომ მიმდინარეობდა სამუშაოები. მერე დატესტეს, სამი დღე იმუშავეს, ეს ყველაფერი დაიტესტა, ტელევიზიამაც გადაიღო. ფურცხვანიძე თავის ბრალეულობას ამ საქმეში ვერაფერს ვერ ხედავს. გაოგნებულია თვითონაც, არაფერი პრობლემა არ უნდა შექმნოდა. ასევე გაოგნებულია „გრინსერვისის“ ორი თანამშრომელი, ვისაც მე ასევე ვიცავ. მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ, თითქოს ექსპერტები აიძულეს, რომ ყალბი დასკვნა გაეკეთებინათო, ეს აბსურდია“, – აცხადებს მამუკა ბლიაძე.

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან: თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი, შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი, „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი, შპს „მშენექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ინსპექტორი, აგრეთვე ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო ორი არასრულწლოვანი კლინიკებიდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს.