შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში აქცია იმართება [ფოტო]
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში აქცია იმართება [ფოტო]

14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის წევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მხარდამჭერები ვაკის პარკში ცნობიერების ასამაღლებელ აქციას მართავენ. აქციაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ.

ვაკის პარკში იმართება გასართობი ღონისძიებები და თამაშები. აქციის მთავარი გზავნილია შეიქმნას თანასწორი გარემო ყველა მოქალაქისთვის და გაერო-ს კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი ორგანო.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ ორგანოს არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს პოლიტიკაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კეთილდღეობისათვის კოორდინირებულად მუშაობას.

აქციის მონაწილეები სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლას ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შშმ პირს აღიქვამს როგორც პიროვნებას და არა პაციენტს და ქმნის ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამებს შშმ პირის საჭიროებიდან გამომდინარე.

საქართველოს პრეზიდენტის 260-ე ბრძანების თანახმად, 2003 წლიდან საქართველოში 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.