ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მოდერნას“ ცნობით, მის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის ამჟამად მიმდინარე ფართო ცდების ადრეული შედეგები მიუთითებს, რომ ის 94,5 პროცენტით ეფექტიანია.
მკვლევართა განცხადებით, შედეგები იმაზე უკეთესია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეეძლოთ. თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ ვაქცინა ფართო გამოყენებაში გაზაფხულამდე ვერ დაინერგება.
მოდერნა მეორე კომპანიაა, რომელიც პირველადი შედეგების საფუძველზე აშკარად წარმატებული ვაქცინის შესახებ იუწყება, რაც ჰორიზონტზე პანდემიის დასასრულის გამოჩენის ახალ იმედს აჩენს. კორონავირუსით მსოფლიოში უკვე 53 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 1,2 მილიონი კი გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა და გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია BioNTech-მა მსოფლიოს ამცნეს, რომ მათ მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების საბოლოო, მესამე ფაზის დასრულების შემდეგ, 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა.
Pfizer-ი და Moderna პირველები არიან, რომლებიც ფართო კვლევათა ადრეული შედეგების შესახებ იუწყებიან, მაგრამ ვაქცინის შესაქმნელად მიმდინარე გლობალურ „რბოლაში“, კლინიკური ცდების დასკვნით, მე-3 ფაზაში იმყოფება 10 სხვადასხვა კომპანიის კანდიდატი ვაქცინაც. კიდევ 50-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინა ტესტირების უფრო ადრეულ ეტაპზეა.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ცნობით, იმისათვის, რათა მოხმარებისთვის დამტკიცდეს, კორონავირუსის ვაქცინა სულ მცირე 50 პროცენტით ეფექტიანი უნდა იყოს.
ვაქცინის ტესტირებისას, მკვლევრები ცდებში მონაწილე მოხალისეთა ერთ ნაწილს ვაქცინას უკეთებენ, მეორე ნაწილს კი პლაცებოს, შემდეგ კი ორივე ჯგუფს აკვირდებიან, რათა გაირკვეს, რამდენი მათგანი გახდება ავად. მოდერნას კვლევაში, COVID-19-ით 95 ადამიანი დაინფიცირდა, 5 მათგანს ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული, 90-ს კი მარილწყლის პლაცებო. სტატისტიკურად, ორ ჯგუფს შორის განსხვავება ძლიერ დიდი აღმოჩნდა. ამას გარდა, 95 ინფიცირებულიდა, 11 შემთხვევა მძიმე იყო და ყველა მათგანს ცრუ ვაქცინა, იგივე პლაცებო ჰქონდა გაკეთებული.
შედეგების ანალიზი უსაფრთხოების მონაცემების მონიტორინგის დამოუკიდებელმა საბჭომ შეამოწმა, რომელსაც აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი ნიშნავს.
მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში ბაზირებულმა კომპანია „მოდერნამ“ ვაქცინა ვაქცინების კვლევის ცენტრის მკვლევრებთან თანამშრომლობით შექმნა; ეს ორგანიზაცია კი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის შემადგენლობაში შედის.
ინსტიტურის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩიმ ინტერვიუში აღნიშნა:
„ვამბობდი, რომ კმაყოფილი ვიქნებოდი ვაქცინის 75 პროცენტიანი ეფექტიანობით. შეიძ₾ება მიგვეღო 90-95-პროცენტიანი ეფექტიც, მაგრამ მე ამას არ ველოდი. ვფიქრობ, 94,5-პროცენტიანი ეფექტი ძალიან შთამბეჭდავია“.
მოდერნას აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბანსელი განცხადებაში ამბობს, რომ შედეგებმა მოგვცა პირველი კლინიკური მტკიცებულება იმისა, რომ მათ ვაქცინას COVID-19-ის პრევენცია შეუძლია, მათ შორის მწვავე შემთხვევებისაც.
აღსანიშნავია, რომ Pfizer-მა და Moderna-მ შედეგების შესახებ პრესრელიზში გვამცნეს და არა რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალებში, შესაბამისად, კომპანიებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ დეტალური მონაცემები, რომლებიც გარე ექსპერტებსაც მისცემდა ცდების შეფასების საშუალებას. გამომდინარე აქედან, ასეთი შედეგები დასკვნითად არ უნდა ჩავთვალოთ. კვლევები გრძელდება და ეფექტიანობის აღმნიშვნელი რიცხვები შეიძლება, შეიცვალოს.
ამ კომპანიების პროდუქტები გზას უხსნის ვაქცინების შექმნის სრულიად ახალ მეთოდს, რომელიც გაცილებით სწრაფია. ორივე მათგანი იყენებს კორონავირუსის გენეტიკური მასალის სინთეტიკურ ვერსიას, რომელსაც საინფორმაციო რნმ-ს ან mRNA-ს უწოდებენ, რომელიც ადამიანის უჯრედს ვირუსის ფრაგმენტის ბევრი ასლის შექმნას აიძულებს. ეს ფრაგმენტები კი იმუნურ სისტემაში განგაშს ტეხს და მას თავდასხმას აიძულებს ისე, თითქოს ორგანიზმში ნამდვილი ვირუსი იყოს შეჭრილი. შედეგად კი წარმოიქმნება კონკრეტული ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ამ ტექნოლოგიით სხვა ინფექციათა რამდენიმე ვაქცინაზე და კიბოს თერაპიაზე მიმდინარეობს მუშაობა, ჯერ გამოყენებისთვის არც ერთი მათგანი არ დამტკიცებულა.
„ის ფაქტი, რომ ორი სხვადასხვა კომპანიის მიერ ორი სხვადასხვა სტრუქტურით
შექმნილმა ორმა სხვადასხვა ვაქცინამ საინფორმაციო რნმ-ის კონცეპტით, აჩვენა, რომ ორივე მათგანი ასე ეფექტიანია, ერთხელ და სამუდამოდ ადასტურებს, რომ ეს კონცეპტი საიმედო სტრატეგიაა არა მხოლოდ COVID-ის, არამედ სხვა სამომავლო ინფექციურ დაავადებათა სამკურნალოდაც“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი ბერი ბლუმი.
მკვლევართა განცხადებით, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები კარგის მომასწავებელია სხვა კანდიდატი ვაქცინებისთვის, რადგან ამჟამად ტესტირებაში მყოფ ყველა ეს ვაქცინას აქვს ერთი და იგივე სამიზნე — კორონავირუსის ზედაპირზე არსებული ე. წ. წვეტი ცილა, რომელსაც ვირუსი ადამიანის უჯრედში შესასვლელად იყენებს.
ექსპერტები აღნიშნავენ იმასაც, რომ ასევე უმნიშვნელოვანესია იმის დადგენა, თანაბრად ეფექტიანია თუ არა ვაქცინა ახალგაზრდა და ხანდაზმულ ადამიანებში. მკვლევრებს აინტერესებთ ისიც, უზრუნველყოფს თუ არა ვაქცინა ადამიანებში ვირუსის გავრცელების პრევენციას, რაც ნამდვილად იდეალური შედეგი იქნებოდა.
კიდევ ერთი, რაც ჯერ არ ვიცით, არის ის, რამდენ ხანს გაძლებს ვაქცინის მიერ წარმოქმნილი იმუნურობა.
ორივე ვაქცინას თან ახლავს ცოტა არასასიამოვნო გარემოება — ორივე მათგანი უნდა შევინახოთ დაბალ ტემპერატურაზე, მოდერნას ვაქცინა -20 გრადუსზე და Pfizer-ის ვაქცინა -70 გრადუსზე. ამ გარემოებამ შეიძლება გაართულოს ვაქცინის დისტრიბუცია, განსაკუთრებით ცხელი კლიმატური ზონების დაბალშემოსავლიან ქვეყნებში.
ტესტირების პროცესში მყოფ კორონავირუსის სხვა ვაქცინებს მხოლოდ მაცივარი სჭირდება. არასათანადოდ შენახვის შემთხვევაში, ვაქცინამ შეიძლება ეფექტი სრულად დაკარგოს.
თუმცა, „მოდერნა“ აცხადებს, რომ მისმა ვაქცინამ მაცივარში იმაზე ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ — 30 დღე და არა შვიდი. ამას გარდა, ის 12 საათის განმავლობაშ სძლებს ოთახის ტემპერატურაზე.
ორივე კომპანია აცხადებს, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნით უახლოეს კვირებში მიმართავენ. გარდა ვაქცინის ეფექტიანობის მონაცემებისა, კომპანიებმა სააგენტოს უნდა წარუდგინონ ორთვიანი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, მონაწილეთა სულ მცირე ნახევრის შესახებ.
სერიოზული გვერდითი ეფექტები არც ერთი ვაქცინის ცდების მონაწილეებში არ დაფიქსირებულა.
მოდერნას განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე მას ვაქცინის 20 მილიონი დოზა ექნება მზად; Pfizer-ი კი აცხადებს, რომ ამ დროისათვის მას 50 მილიონი დოზა ექნება. ორივე ვაქცინა მოითხოვს ორ აცრას, შესაბამისად, 20 მლნ ვაქცინა საკმარისი იქნება 10 მილიონი ადამიანისთვის.
2020 წლის 22 ოქტომბერს, მოდერნამ განაცხადა, რომ დაასრულა ცდების მესამე ფაზა, რომელშიც 30 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 25 650 ადამიანს კი უკვე მიღებული ჰქონდა ვაქცინის ორი დოზა. ისევე, როგორც Pfizer-ის კვლევის შემთხვევაში, მოდერნამაც მონაწილეა ნახევარს ვაქცინა გაუკეთა, ნახევარს კი მარილწყლის პლაცებო. არც ექიმებმა და არც მონაწილეებმა არაფერი იცოდნენ, ვის ვაქცინა გაუკეთდა და ვის პლაცებო. მოდერნას ვაქცინის შემთხვევაში, აცრებს შორის საჭიროა ოთხკვირიანი შუალედი, Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში კი სამკვირიანი.
მოდერნას უფროსი სამედიცინო ოფიცერი, დოქტორი ტალ ზაკსი აღნიშნავს, რომ მისი კვლევის შედეგები იმდენად ძლიერია, რომ კომპანია ეთიკურ ვალდებულებას გრძნობს, პლაცებოს ჯგუფს ვაქცინა რაც შეიძლება მალე შესთავაზოს.
კომპანიის განცხადებით, 2021 წელს ისინი 500 მილიონიდან მილიარდ დოზამდე დამზადებას შეძლებენ.
აშშ-ის ფარგლებს გარეთ ვაქცინის საწარმოებლად, მოდერნა თანამშრომლობს შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Lonza-სთა და ესპანურ კომპანია Rovi-სთან.
100 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს აშშ-ს, 50 მლნ დოზა იაპონიას, გაურკვეველი ოდენობის დოზა კი კატარსა და ისრაელს.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.