„მოდერნას“ მიერ შექმნილი ვაქცინის ცდების პირველი ფაზა დასრულდა — შედეგები იმედისმომცემია
„მოდერნას“ მიერ შექმნილი ვაქცინის ცდების პირველი ფაზა დასრულდა — შედეგები იმედისმომცემია

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია „მოდერნას“ ცნობით, მის მიერ შექმნილმა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტულმა ვაქცინამ კლინიკური ცდების პირველი ფაზის შემდეგ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა; ცდა მოხალისეთა მცირე რაოდენობაზე ჩატარდა.

კომპანიის განცხადებით, ვაქცინის კანდიდატმა, სახელად mRNA-1273, ვაქცინირებულ რვა ადამიანში ისეთივე იმუნური პასუხი წარმოქმნა, როგორიც ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებში არსებობს.

„ცდების პირველმა ფაზამ აჩვენა, რომ mRNA-1273-ით ვაქცინაცია იმავე მასშტაბის იმუნურ პასუხს აღძრავს, როგორსაც ბუნებრივი ინფექცია“, — ამბობს მოდერნას უფროსი სამედიცინო ოფიცერი ტალ ზაკსი.

მისივე თქმით, მონაცემები ემთხვევა მათ პროგნოზს, რომ mRNA-1273-ს აქვს დაავადება COVID-19-ის პრევენციის პოტენციალი.

ცხრა წლის წინ დაარსებული კომპანია „მოდერნა“ აღნიშნავს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და შემწყნარებელი აღმოჩნდა, პაციენტებს მხოლოდ ნანემსარის შეწითლება ან სუსტი ტკივილი აღენიშნათ და მეტი არაფერი.

„მოდერნას“ აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ბენსელის განცხადებით, პირველადი ტესტები გვარწმუნებს, რომ mRNA-1273-ს გააჩნია ვირუსისგან დაცვის მაღალი ალბათობა.

ბენსელი ამბობს, რომ მხოლოდ პირველი ფაზა დიდი სიხარულის საფუძველს არ იძლევა, რადგან კიდევ დარჩენილია ცდების ორი ეტაპი.

კომპანიის ცნობით, ცდები პარალელურად ჩატარდა თაგვებშიც. აღმოჩნდა, რომ ვაქცინამ მათ ფილტვებში ვირუსს გამრავლების საშუალება არ მისცა.

ვაქცინის კანდიდატის შესაქმნელად, აშშ-ის ხელისუფლებამ „მოდერნა“ დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარით დააფინანსა.

ვაქცინა შეიქმნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტთან პარტნიორობით, რომელსაც ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს; კლინიკური ცდები კი ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

რაც შეიძლება სწრაფი და უსაფრთხო

18-დან 55 წლამდე ასაკის 15-მა პაციენტმა კლინიკური ცდების პირველ ფაზაში ვაქცინის სხვადასხვა დოზა მიიღეს; სრული შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მწვანე შუქი უკვე აუნთო ცდების მეორე ფაზას, რომელშიც რამდენიმე დღეში დაიწყება და მონაწილეობას 600 ადამიანი მიიღებს.

ივლისში კი დაიწყება ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მესამე ფაზა, რომელიც ვაქცინის ეფექტიანობას შეამოწმებს.

„მოდერნას ჯგუფი ფოკუსირებულია, რომ მესამე ფაზა, უსაფრთხოების ცდები რაც შეიძლება სწრაფად, ივლისში დავიწყოთ“, — ამბობს მოდერნას დირექტორი.

ცდების პირველი ფაზის არასრულ შედეგებზე დაყრდნობით, მოდერნა აღნიშნავს, რომ დიდ დოზას ისინი აღარ გატესტავენ, რადგან როგორც აღმოჩნდა, იგივე ეფექტი აქვს მცირე დოზასაც.

„რაც უფრო მცირე იქნება დოზა, მით მეტი ადამიანის დაცვას შევძლებთ“, — ამბობს მოდერნას პრეზიდენტი სტივენ ჰოუგი.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ფარმაკოეპიდემიოლოგიის პროფესორი სტივენ ევანსი ამბობს, რომ პრესრელიზიდან გაცნობილი შედეგების ნდობა რთულია, მაგრამ იპტიმიზმის მიზეზი ნამდვილად არსებობს.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გახლავთ ცდების პირველი ფაზა, რომლის მიზანიც არის აჩვენოს, რომ ვაქცინა იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას და დოზების დიაპაზონი მართებულია. მესამე ფაზის დასრულებამდე შეუძლებელია იმის თქმა, რომ ვაქცინა მართლაც ახდენს COVID-19-ის პრევენციას“, — ამბობს ევანსი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალტ ტრამპი აცხადებს, რომ 2021 წლისთვის მას ვაქცინის 300 მილიონი დოზა სურს, რათა აშშ-ის მოსახლეობა მთლიანად დაიცვას. ამისათვის მისმა ადმინისტრაციამ დაფინანსება გამოუყო მოდერნას, Johnson & Johnson-ს და ფრანგულ Sanofi-ს.

როგორც წესი, ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ, რომელმაც უკვე შეიწირა 318 000-ზე მეტი ადამიანი, ეს პროცესი უპრეცედენტოდ დააჩქარა.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს ათეულობით კლინიკური ცდა, მათი ნახევარი კი ჩინეთზე მოდის.

ჩინეთის განცხადებით, ადამიანებზე ის ხუთ სხვადასხვა ექსპერიმენტულ ვაქცინას ცდის.

გამოწვევა კი მხოლოდ უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის შექმნა როდია; გადამწყვეტია მისი მილიარდობით დოზის წარმოებაც.

რამდენიმე მსხვილი კომპანია, მათ შორის „მოდერნაც“ აღნიშნავს, რომ ვაქცინის წარმოებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ, კლინიკური ცდების ყველა ეტაპის დასრულებამდეც კი.

ცოტა ხნის წინ, „მოდერნამ“ განაცხადა, რომ წელიწადში მილიარდი დოზის ვაქცინის შექმნის მიზნით, მან თანამშრომლობა დაიწყო გიგანტურ ფარმაცევტულ კომპანია Lonza-სთან.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.