ამირან გამყრელიძე - 400 000 დოზამდე „ფაიზერი“ რჩება აუთვისებელი, ჩემს თავზეც ვარ გაბრაზებული და თქვენზეც, ვინც ამ სისხლით ნაშოვნი ვაქცინით არ აცრილა
ამირან გამყრელიძე - 400 000 დოზამდე „ფაიზერი“ რჩება აუთვისებელი, ჩემს თავზეც ვარ გაბრაზებული და თქვენზეც, ვინც ამ სისხლით ნაშოვნი ვაქცინით არ აცრილა

400 000 დოზამდე „ფაიზერი“ რჩება აუთვისებელი, ჩემს თავზეც ვარ გაბრაზებული და თქვენზეც, ვინც ამ სისხლით ნაშოვნი ვაქცინით არ აცრილა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

​გამყრელიძის თქმით, შარშან ქვეყანამ მობილიზაცია გაუკეთა ხუთ მლნ. დოზა ვაქცინას, რაც უპრეცედენტო იყო ჩვენი პატარა ქვეყნისთვის.

„გვქონდა ხუთი მლნ. და ძალიან გული მწყდება – აქედან „ფაიზერი“ გვქონდა დაახლოებით ორი მლნ-ზე ოდნავ მეტი, სადღაც 2 040 000. აქედან, ხაზს ვუსვამ, მილიონი იყიდა სახელმწიფომ, ნახევარი მილიონი, პირველი ჩამოსვლა თუ გახსოვთ, იყო აშშ-მ რაც გვაჩუქა და ამის შემდეგ იყო კიდევ ორი დონაცია ევროკავშირის ქვეყნების. დღეის რიცხვით, დახარჯულია „ფაიზერი“ დაახლოებით 1 700 000-მდე დოზა. ანუ სადღაც, 400 000 დოზამდე, რომელსაც აქვს ვადა 31 მარტამდე, რჩება აუთვისებელი. ათვისებულია პირველ რიგში აშშ-ის დონაცია, რომელიც პირველი შემოვიდა ივლისში, სრულად იქნა აგვისტო-სექტემბერში ათვისებული, როცა ყველაზე მაღალი აცრის მაჩვენებელი გვქონდა, 23 000 გვქონდა დღიური გახსოვთ აგვისტოში, ცოტა მეტიც და 20 000 გვქონდა დღიური მაჩვენებელი სექტემბერში. ასევე, სრულად არის ათვისებული, რაც ბიუჯეტით იქნა ნაყიდი – ერთი მლნ. დოზა, დანარჩენი დონაციები შემოვიდა შედარებით მოგვიანებით და სამწუხაროდ, ამაზე პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან გული მწყდება, ვარ გაბრაზებული ჩემს თავზეც, ვარ ასევე გაბრაზებული სამწუხაროდ თქვენზეც, ვინც არ აცრილა და არ მივიდა ასაცრელად, რომ ასეთი ძვირფასი, ასე სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც შეეძლო, დაეცვა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე, მიუხედავად ბევრი საუბრისა, მიუხედავად ბევრი ხვეწნისა, მუდარისა, მაინც ადამიანები არ მოვიდნენ და არ აიცრნენ. დანარჩენი ვაქცინები, კიდევ ერთხელ გეუბნებით დაახლოებით ორი მლნ დოზა სხვა ვაქცინებისა – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, დაახლოებით 1 600 000 დოზა ვაქცინის გვაქვს, რომელსაც ვადა აქვს 2023 წლის ივლისამდე, ანუ იმათ საკმაო ვადა აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, პანდემია რჩება გამოწვევად და სახელმწიფო გააქტიურდება ვაქცინაციის მიმართულებით.

„ახლა რაც შეეხება გეგმას. დიახ, 70 პროცენტი მოსახლეობის აცრა ივლისამდე რთულია, ძალიან რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ, ამიტომ უნდა წამომყვეთ ყველა სოფელში, სადაც ვივლი; უნდა დავარწმუნოთ ხალხი, რომ აცრა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. პირველ რიგში 50 წელს ზემოთ მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ უნდა აიცრან 2-ჯერ და დღეს აცრილია 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მხოლოდ 54 პროცენტი. აცრილი რომ ყოფილიყო 60 წლის ზემოთ მოსახლეობის 80-85 პროცენტი, ჩვენ გვექნებოდა სიკვდილიანობა გაცილებით ნაკლები. ამიტომ, როგორმე ამაში უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა. თუ შევძლებთ და დავარწმუნებთ, დამერწმუნეთ, რომ მე არ მოვაკლებ შრომას. აპრილიდან მოყოლებული ისევ ვივლი სოფელ-სოფელ, ისევ გამოვალ ხშირად, შეგაწუხებთ ტელევიზიაში თუ სხვაგან. გასაგებია, დღეს ახლა აცრა გადაფარა კიდევ სხვა მოვლენებმა, რაც გლობალურ სამყაროში ხდება. მაგრამ პანდემია მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.