ევროკავშირი ჩინეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უფასოდ სთავაზობს
ევროკავშირი ჩინეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უფასოდ სთავაზობს

ევროკავშირი ჩინეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს უფასოდ სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინიციატივა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარის, სტელა კირიკიდისის ძალისხმევის ნაწილია, რომლიც „კოვიდ-19“-ის შესაძლო ახალ ტალღასთან საბრძოლველადაა მიმართული.

„კომისარმა კირიაკიდისმა მიმართა თავის ჩინელ კოლეგას მხარდაჭერისა და სოლიდარობის წინადადებით, რაც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში საექსპერტო დახმარებას, ასევე ევროკავშირის ვაქცინების გადაცემას, რომლებიც „კოვიდ-19“-ის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადეს ევროკავშირში.

პეკინს ჯერ ევროკავშირის ამ შეთავაზებაზე პასუხი არ გაუცია.

ამ ეტაპზე ჩინეთში მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ვაქცინებს იყენებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 21 დეკემბერს განაცხადა, რომ ჩინეთში ვაქცინირებულთა რაოდენობა არ არის საკმარისი. მათივე მონაცემებით, 80 წელს გადაცილებული ჩინელების მხოლოდ 40% არის სრულად ვაქცინირებული ჩინური ვაქცინით, რაც აცრის სამჯერ გაკეთებას გულისხმობს.

საფრანგეთმა და ესპანეთმა უკვე განაცხადეს, რომ აპირებენ დამატებითი კონტროლის შემოღებას ჩინეთიდან ამ ქვეყნებში ჩასული მოგზაურებისთვის, რადგანაც პარიზი და მადრიდი ევროპაში „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტების გავრცელების საშიშროებას ხედავენ. შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ გერმანიაშიც.

ჩინეთში სამი წელი „კოვიდ-19“-ის მიმართ ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მოქმედებდა. 2022 წლის დეკემბერში კი პეკინმა პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა გააუქმა, რის შემდეგაც ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.