ადამიანები, რომლებმაც COVID-19-ის პირველი წარმატებული ვაქცინა შექმნეს — თურქული წარმოშობის ცოლ-ქმრის საოცარი გერმანული ამბავი #1tvმეცნიერება
ადამიანები, რომლებმაც COVID-19-ის პირველი წარმატებული ვაქცინა შექმნეს — თურქული წარმოშობის ცოლ-ქმრის საოცარი გერმანული ამბავი #1tvმეცნიერება

როდესაც გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია BioNTech-მა ქალაქ მაინცში, გოლდგრუბეს ქუჩაზე (ნიშნავს ოქროს მაღაროს) სათაო ოფისი გახსნა, მისი მფლობელი წყვილი ვერც წარმოიდგენდა, რამდენად წინასწარმეტყველური იქნებოდა ეს მისამართი.

კომპანიის აქციების ფასი 23,4 პროცენტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა COVID-19-ის ახალი ვაქცინის წარმატების შესახებ, რომელიც მან ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-თან ერთად შექმნა. ეს ვაქცინა მსოფლიოში პირველია, რომელმაც კლინიკური ცდების საბოლოო და გადამწყვეტ, მე-3 ფაზაში დადებითი შედეგები აჩვენა.

BioNTech-ის მთლიანი ფასი ახლა 21,9 მილიარდი აშშ დოლარია, ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე გერმანიის ეროვნული ავიაკომპანია Lufthansa; ეს კი ნამდვილი ტრიუმფია კომპანიისთვის, რომელიც აშშ-ის საფონდო ბაზარზე პირველად შარშან გამოჩნდა.

BioNTech-ი 2008 წელს დააფუძნეს ცოლ-ქმარმა მეცნიერებმა — ოზლამ ტურეჯიმ და უგურ საჰინმა, ასევე ავსტრიელმა ონკოლოგმა კრისტოფ ჰუბერმა; თავდაპირველად, კომპანია კიბოს საწინააღმდეგო ახალი ტიპის იმუნოთერაპიულ საშუალებებს ამზადებდა, ახდენდა პაციენტთა T-ლიმფოციტების მოდიფიცირებას, რომლებიც შემდეგ მიზანში იღებდნენ და ებრძოდნენ კიბოს ანტიგენებს.

წლის დასაწყისში, როდესაც მსოფლიომ პირველად გაიგო ახალი კორონავირუსი შესახებ, BioNTech-მა, რომელსაც 1300 თანამშრომელი ჰყავს სწრაფად დაიწყო რესურსების მობილიზება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, უგურ საჰინმა გერმანულ გამოცემა Manager Magazin-ს განუცხადა, რომ როდესაც იანვარში ჩინეთის ქალაქ უხანში COVID-19-ის გავრცელების შესახებ წაიკითხა, მაშინვე უთხრა საკუთარ ცოლს, რომ აპრილში გერმანიაში ყველა სკოლა დაიხურებოდა.

გერმანიამ საყოველთაო კარანტინი პირველად მარტში გამოაცხადა, უფრო ადრე, ვიდრე საჰინი პროგნოზირებდა; თუმცა, აპრილში მის კომპანიას უკვე შექმნილი ჰქონდა ვაქცინის 20 კანდიდატი, რომელთაგან ხუთს იმუნურ პასუხზე ტესტირება უნდა ჩატარებოდა 500 მეცნიერის მიერ შექმნილ კვლევით პროგრამაში.

ოქტომბრის ბოლოს საჰინმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი კომპანია ვაქცინას დამოუკიდებლადაც შექმნიდა, მაგრამ დიდ გამოწვევას წააწყდებოდა მისი გავრცელების თვალსაზრისით.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა, რომელიც BioNTech-თან 2018 წლიდან თანამშრომლობს გრიპის ვაქცინაზე, კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობისთვის მას წინსწრებით გადაუხადა 185 მილიონი დოლარი, მუშაობის დასრულების შემდეგ კი კიდევ 563 მილიონს გადაუხდის.

კლინიკური ცდების მე-3 ფაზის პირველადი შედეგები, რომლებიც ვაქცინის 90-პროცენტიან ეფექტიანობაზე მიუთითებს, Pfizer-ისა და BioNTech-ის სამეცნიერო მეთოდის ნამდვილი ტრიუმფია. მათი ვაქცინა ეფუძნება სრულიად ახალ ტექნოლოგიას, რომელიც იმუნური სისტემის „გასაწვრთნელად“ ვირუსის გენეტიკურ კოდს იყენებს.

ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ აქტიურად განიხილებოდა თურქული წარმოშობის გერმანიის მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების საკითხი, BioNTech-ის დამფუძნებლების ისტორია მართლაც გამორჩეულია.

ტურეჯი და საჰინი 1960-იანი წლების ბოლოს გერმანიაში ჩასული თურქი „სასტუმროს მოსამსახურეების“ შვილები არიან. უგურ საჰინი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში დაიბადა, მაგრამ სულ ოთხი წლის იყო, როდესაც ქალაქ კელნში წაიყვანეს. მისი მეუღლე, კომპანიის სამედიცინო ხელმძღვანელი ოზლამ ტურეჯი ქვემო საქსონიაში დაიბადა.

წყვილს გერმანიის მოქალაქეობა აქვთ და ჰყავს თინეიჯერი ქალიშვილი. ერთმანეთი ზაარლანდის უნივერსიტეტში გაიცნეს და 2002 წელს დაქორწინდნენ. Süddeutsche Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტურეჯი აღნიშნავდა, რომ მან და მისმა ქმარმა ქორწილის დღე ლაბორატორიაში ხალათებით დაიწყეს, ხელმოწერის ხანმოკლე პროცედურის შემდეგ კვლავ იქ დაბრუნდნენ და კვლევა გააგრძელეს.

როგორც გერმანული გაზეთი Tagesspiegel-ი წერს, მათი წარმატება სულის მალამოსავით არის თურქული წარმოშობის გერმანელებისთვის, რომლებსაც ათწლეულებია, გაუნათლებელი მწვანილით მოვაჭრეების სტერეოტიპს აწებებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს 10 წელი გავიდა, რაც გერმანიის მთავრობის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა გამოსცა წიგნი, სახელად „საკუთარი თავის გაქცევა“, რომელშიც წერს, რომ თურქი მიგრანტები ქვეყანაში განათლების სტანდარტების დეგრადაციას ახდენენ.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.