COVID-19-ის კიდევ ერთმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა — #1tvმეცნიერება
COVID-19-ის კიდევ ერთმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა — #1tvმეცნიერება

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა COVID-19-ის ინფექციის პრევენციაში.

პირველადი შედეგების მიხედვით, პაციენტების დაცულობა ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან 28 დღის შემდეგ, მეორე დოზის მიღებიდან ერთ კვირაში მიიღწა.

„COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზის პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენი ვაქცინა COVID-19-ის პრევენციას ახდენს“, — ამბობს სპეციალურ განცხადებაში Pfizer-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა.

მისივე განცხადებით, ათასობით ადამიანში ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ დამატებით მონაცემებს უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებენ.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ყველაზე საჭირო ინოვაციისკენ, რომელიც ჯანდაცვის ამ გლობალურ კრიზისს ბოლოს მოუღებს. ამ კრიტიკულად საჭირო ეტაპს მაშინ მივაღწიეთ, როცა მსოფლიოს ეს ვაქცინა ყველაზე მეტად სჭირდება“, — ამბობს ბურლა.

კომპანიების განცხადებით, 2020 წელს ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელს 1,3 მილიარდამდე გაზრდიან.

დატოვე კომენტარი