ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) — გაერო-ს კლიმატურ მეცნიერებათა ორგანო — კლიმატის კრიზისის მდგომარეობის შესახებ დიდ მოხსენებას ამზადებს.
9 აგვისტოს გამოქვეყნებულ უახლეს მოხსენებას მსოფლიოსთვის არაფერი უთქვამს ისეთი, რაც აქამდე არ ვიცოდით, მაგრამ მოხსენება კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით რეკავს განგაშის ზარს.
ბოლო ორი, 2014 და 2018 წელს გამოქვეყნებული მოხსენებების მსგავსად, ამას პირდაპირ, ტექსტში არც IPCC-ის ახალი ანგარიში ამბობს, მაგრამ რიცხვებიდანაც აშკარად ჩანს, დათბობის 1,5°C-იან ზღვარში მოსაქცევად, საჭიროა რომ გლობალურმა გამონაბოლქვმა 2025 წლისთვის მიაღწიოს პიკს, შემდეგ კი სწრაფად დაეცეს ნულამდე. 1,5°C-იან ზღვარზე მსოფლიოს ქვეყნებმა 2015 წელს, პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრეს.
ისე ჩანდა, რომ ამ პიკამდე მისაღწევად, ცოტა ხნის წინ 11 წელი გვქონდა, ახლა კი მხოლოდ ოთხი დაგვრჩა.
მოხსენება ასახავს იმ ხუთ სხვადასხვა გზას, რომლითაც შეიძლება წავიდეს გამონაბოლქვის ამბავი უახლოეს ათწლეულებში. თითოეულ ამ გზას სხვადასხვანაირი კლიმატური მომავალი უკავშირდება. გზა, რომელზეც გამონაბოლქვის რაც შეიძლება სწრაფად შემცირება ხერხდება, დათბობის 1,5°C-იანი ზღვრის დაახლოებით 50-პროცენტიან შანსს გვთავაზობს.
ამ სცენარის მიხედვით, დროთა განმავლობაში, მსოფლიომ სათბურის აირების გამოყოფა იქამდე უნდა შეწყვიტოს, ვიდრე ატმოსფეროში ჩვენ მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის (CO2) რაოდენობა 500 გიგატონის ეკვივალენტი გახდება.
მოხსენება აჩვენებს, რომ ამ მომენტში, მსოფლიო წელიწადში დაახლოებით 40 გიგატონა ნახშირორჟანგს გამოყოფს და ეს მაჩვენებელი მზარდია. ამჟამინდელი მაჩვენებლებით გამოყოფის შემთხვევაში, გვრჩება 12,5 წელი. შესაბამისად, თუ 2050 წელს მსოფლიო ნულოვან გამონაბოლქვს მიაღწევს, გამონაბოლქვი ყოველ წელს საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 2021 წლის მაჩვენებლის 40 პროცენტს.
გამონაბოლქვის პიკამდე აყვანა და შემდეგ დაბლა მიმართულებით წამოსვლა, თეორიულად საკმაოდ მარტივი ჩანს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი ისეთ სექტორებში, როგორებიც არის ელექტროსისტემა, მშენებლობა და ტრანსპორტი, რომლებზეც მოდის გამონაბოლქვის დიდი წილი; რა თქმა უნდა, სადაც ალტერნატივებიც არსებობს. მათ შორის არის:
- წიაღისეული საწვავის ახალი ინფრასტრუქტურის აკრძალვა. უარის თქმა ქვანახშირზე მომუშავე ახალ თბოსადგურებზე, გაზისა და ნავთობის ოპერაციებზე, აეროპორტების გაფართოებაზე. იდეაში, მსოფლიო უნდა შემოიკრიბოს წიაღისეული საწვავის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების გარშემო.
- ქვანახშირის სადგურები საწარმოები სწრაფად უნდა ჩანაცვლდეს განახლებადი ენერგიის წყაროებით, მაგალითად, ქარის სადგურებით.
- რადიკალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტიანობის მხრივ.
- შენობებიდან უნდა ამოვიღოთ ბუნებრივი აირი; გათბობა და სამზარეულო უნდა გადავიყვანოთ ელექტროენერგიაზე.
- ნახშირბადისგან უნდა გათავისუფლდეს სახმელეთო ტრანსპორტი, ანუ უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე, ველოსიპედებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
ამ ყველაფრის 10 წელიწადში მიღწევა ტექნიკურად შესაძლებელია. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, რომლებიც ფუნდამენტურად პოლიტიკურია.
დაბრკოლებები
ნავთობკომპანიები პრევენციულ ქმედებებს ეწინააღმდეგებიან, რადგან ისინი საფრთხეს უქმნის მათ შემოსავალს; ლობირებენ მთავრობებს, რათა შეასუსტონ კანონმდებლობა და ამით საკუთარი სუბსიდიები დაიცვან.
საკმარისი მხარდაჭერა მათ საკმარისად ბევრ ქვეყანაში აქვთ — ავსტრალია, პოლონეთი, რუსეთი თუ საუდის არაბეთი; ბევრ ქვეყანაშიც ინტერესები წინააღმდეგობრივია, რათა ქმედებები ისეთ დიდ ფორუმებზე განიხილონ, როგორიც არის თუნდაც G20; ასეთ ქვეყნებს შორის არის კანადა, ნიდერლანდები, აშშ, ნორვეგია.
იმ ქვეყნებშიც კი, სადაც შედარებით ძლიერია კლიმატური პოლიტიკა, ნავთობინდუსტრიის ძალაუფლება მრავალგვარ წინააღმდეგობას წარმოშობს, ამის მაგალითია ისიც, რომ ბრიტანეთი განაგრძობს ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების მხარდაჭერას.
ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება გამონაბოლქვში გლობალური უთანასწორობა. განვითარებად ქვეყნებში გამონაბოლქვის რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაგრამ სტაბილურად ან ოდნავ მცირდება ინდუსტრიალიზებულ ქვეყანათა უმეტესობაში.
გლობალური გამონაბოლქვის პიკი ნიშნავს გამონაბოლქვის რაოდენობა შემცირებას ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში, გაცილებით უფრო სწრაფად კი აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და გერმანიაში, იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელი. ამის უკან არსებული პოლიტიკა დელიკატური და რთულია.
ჩნდება კითხვა, როგორ უნდა დაფინანსდეს ასეთი სწრაფი ცვლილება. ეს კი გულისხმობს ინვესტიციების მობილიზებას განახლებად ენერგიაში, უზარმაზარი ოდენობით შენობის მოდიფიცირებას ენერგოეფექტიანობისა და ელექტრიფიცირებისთვის, ელექტომობილების ინფრასტრუქტურის მშენებლობის აჩქარებას.
გარდა ამისა, ასეთი გადასვლა მოითხოვს განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელოვან გლობალურ დაფინანსებას. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამ ფულის მობილიზება?
გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენცია 2021
IPCC-ის მოხსენებას გამოიყენებენ გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, რომელსაც COP26-ს უწოდებენ. კონფერენცია 2021 წლის ნოემბერში გლაზგოში გაიმართება. რას შეიძლება ველოდოთ?
აშკარაა, რომ ღონისძიება რაღაც შედეგს გამოიღებს. ეს კონფერენცია საკვანძო ადგილია გლობალურ უთანასწორობებზე მოლაპარაკებებისთვის, მაგალითად, როგორ უნდა დააკომპენსირონ ღარიბები, რათა გაუძლონ კრიზისს, რომელიც დიდწილად სწორედ მდიდარი ქვეყნების ქმედებებით არის გამოწვეული.
ეს მოლაპარაკებები 1991 წლიდან დაიწყო და სწორედ იქ ხდება მთავრობების მიერ ახალი ვალდებულებების აღება, რათა უზრუნველყონ პარიზის შეთანხმებით აღებული ზოგადი მიზანი, რაც გლობალური ტემპერატურის შეზღუდვას გულისხმობს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.