მირიან ნიკოლაძე - ოჯახს ერთადერთი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს
მირიან ნიკოლაძე - ოჯახს ერთადერთი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს

ოჯახს ერთადერთი მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.

მირიან ნიკოლაძის თქმით, ეს მოლოდინი უტყუარ მტკიცებულებებზეა დამყარებული, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს. მისივე განცხადებით, დაცვის მხარე დრამატულ და გამოუვალ სიტუაციაშია.

„ოჯახმა დააფიქსირა თავისი ძალიან მკაცრი პოზიცია სასამართლოზე, როდესაც დაიკითხა შაქარაშვილის დედა. ერთადერთი მოლოდინი აქვს ოჯახს, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს. ეს მოლოდინი არის აბსოლუტურად გაანალიზებული და უტყუარ ფაქტებზე დამყარებული. დიდ ბოდიშს ვიხდი და იცით, რომ დაცვის მხარის კონტრპოზიციას არ ვაფიქსირებ, თუმცა ისინი უკვე დრამატულ სიტუაციაში არიან და თვითონვე დარწმუნდნენ სასამართლო განხილვების დროს, რომ არავინ არავის აბრალებს ტყუილად. მათ აქვთ აბსოლუტურად გამოუვალი სიტუაცია და ჩიხიდან თავს ვერ დააღწევენ. გარწმუნებთ, რომ ეს მტკიცებულებები არის ურყევი“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დღეს დაასრულა. ხვალინდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ, ასევე არაა გამორიცხული, რომ ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლემ განაჩენიც გამოაცხადოს.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ეპიზოდზე ხუთი პირია ბრალდებული.