მიხეილ ყაველაშვილი - ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა მზად არის, ყველა კითხვას დეტალურად უპასუხოს
კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პარლამენტის კომიტეტი და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ და დეტალურად გაეცნობიან ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ცდილობენ, შეხვედრა ყველა მხარესთან გამართონ და ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.
„გუშინ დავაანონსეთ, რომ კომისია შეიკრიბება, რის ფარგლებშიც დეტალურად მოხდება კითხვებზე პასუხების გაცემა. მინდა ეს ყველაფერი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს, უდიდესი პატივისცემით ჩვენი ჩემპიონების, მოქმედი სპორტსმენების მიმართ. ასევე ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა მზად არის, დეტალურად გასცეს ყველა კითხვას პასუხი და ამაში ჩვენც ჩართული ვართ, რომ გავარკვიოთ ყველა დეტალი და ჩვეულ რეჟიმში გადავიდეს პროცესი. მთელი ეს პერიოდი სპორტსმენების გულისტკივილი ყველა მოქალაქემდე მივიდა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
10 მაისს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ძიუდოისტებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხდა, ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების კითხვებს არ პასუხობდა.
ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
ამასთან, ყრილობის დაწყებამდე, ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი.
ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქციაც გამართეს.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.
ამასთან, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დღეს განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის, რომელშიც კულტურის სამინისტროს, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან