მიხეილ ჯანელიძე - მადლობა ჩვენს მეგობარ იაპონელ ხალხს, რომლებიც დიდ სიყვარულს გამოხატავენ ლევან გორგაძის მიმართ
მეამაყება, რომ სუმოს ისტორიაში ლევანია ერთ-ერთი ევროპელი იმ სამთაგან, ვინც გახდა სპორტის ამ სახეობაში უმაღლესი ჯილდოს – იმპერატორის თასის მფლობელი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე Facebook-ზე წერს და ტოჩინოშინის გამარჯვებას ულოცავს.
გულითადად ვულოცავ მთელ საქართველოს ტოჩინოშინის – ლევან გორგაძის გამარჯვებას! მეამაყება რომ სუმოს ისტორიაში ლევანია ერთ-ერთი ევროპელი იმ სამთაგან ვინც გახდა სპორტის ამ სახეობაში უმაღლესი ჯილდოს – იმპერატორის თასის მფლობელი.
ლევანმა ამ წარმატებით და ასევე საკუთარი მოღვაწეობით უკვე მრავალი წელია, მთელს მსოფლიოში სახელი გაუთქვა საქართველოს! გულითადი მადლობა ჩვენს მეგობარ იაპონელ ხალხს, რომლებიც დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავენ ლევანის მიმართ და ქართველებთან ერთად ზეიმობენ მის გამარჯვებას!
გასულ წელს, იაპონიაში ჩემი ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობის სახელით, ლევანს მივანიჭეთ ტურიზმის საპატიო ელჩის წოდება, ეს ტიტული სიმბოლურად გამოხატავს ერთგვარ ხიდს, რომლითაც ლევანი თავისი წარმატებული მოღვაწეობით აკავშირებს საკუთარ სამშობლოს არა მხოლოდ იაპონიასთან, არამედ მთელს მსოფლიოსთან!
ლევანის წარმატება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდი პოტენციალისა და ნიჭის მატარებელია ჩვენი ერი, რამხელა სიმაღლეებს აღწევენ ქართველები მთელს მსოფლიოში!“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.