მიხეილ გიორგაძე - როგორი ხისტი რეგულაციაც არ უნდა შევქმნათ, თუ არ შევასრულებთ, ტრაგედიებს ვერ ავიცილებთ თავიდან
მიხეილ გიორგაძე - როგორი ხისტი რეგულაციაც არ უნდა შევქმნათ, თუ არ შევასრულებთ, ტრაგედიებს ვერ ავიცილებთ თავიდან

მხოლოდ რეგულაციები ვერ აგვაცილებს თავიდან ტრაგედიებს, აუცილებელია, დავიცვათ წესები, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ექსკურსიებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ტრანსპორტით ბავშვების გადაადგილებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციები შემუშავდა.

„თქვენ გახსოვთ ტრაგედია, რომელიც ქობულეთში მოხდა. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ კულტურის და სპორტის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროებმა შევიმუშავეთ რეგულაციები, რომელიც ტრანსპორტით ბავშვების გადაადგილებას ეხებოდა. გამყოლებთან დაკავშირებული რეგულაციები იყო შემუშავებული – კვება, განთავსება, დაზღვევა, გამყოლების, მეთვალყურეებისა და მშობლების ურთიერთობა, ანუ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაგვეყვანა“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მიხეილ გიორგაძის თქმით, მსგავსი სახის ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად, რაც 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე მოხდა, აუცილებელია ყურადღება და წესების დაცვა.

„რამდენიმე რეგულაციაც არ უნდა შევქმნათ და როგორი ხისტიც არ უნდა იყოს, თუ არ შევასრულებთ; თუ მშობელი არ მიაქცევს ყურადღებას, რომ სამარშუტო ტაქსიში ორჯერ მეტი მგზავრი მგზავრობს; თუ მძღოლი მანქანის და სატრანსპორტო კომპანია ტრანსპორტის გამართულობას არ უზრუნველყოფს; თუ მასწავლებელი, სკოლის დირექტორი არ მიაქცევს ყურადღებას; მხოლოდ რეგულაციებით ვერ ავიცილებთ თავიდან ასეთ ტრაგედიებს. გამოსავალია, დავიცვათ წესები“, – განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა.

მიხეილ გიორგაძემ კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადა 9 ივნისს ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს.

„ძალიან ვწუხვარ, დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებ“, – განაცხადა მან.

გომბორზე 9 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მიმავალი ბავშვები, პედაგოგები და მშობლები იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.