მიხეილ გიორგაძე - კულტურის სამინისტროში ჩემი მოსვლის შემდეგ გადადგმული იყო ნაბიჯები, რომ სიმფონიური ორკესტრის უსახლკარობის პრობლემა მოგვარებულიყო
მიხეილ გიორგაძე - კულტურის სამინისტროში ჩემი მოსვლის შემდეგ გადადგმული იყო ნაბიჯები, რომ სიმფონიური ორკესტრის უსახლკარობის პრობლემა მოგვარებულიყო

ცრუ თავმდაბლობის გარეშე შემიძლია მოგახსენოთ, რომ სწორედ კულტურის სამინისტროში ჩემი მოსვლის შემდეგ კონკრეტულად გადადგმული იყო ნაბიჯები, რომ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრის უსახლკარობის პრობლემა მოგვარებულიყო, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, გამოყოფილია თანხები საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად, თუმცა მესამე წელია ორკესტრის ხელმძღვანელობის მხრიდან დღემდე საპროექტო სახარჯთაღვრიცხო დოკუმენტაციის შეძენა არ მოხდა.

„საკმაოდ ბევრი სპეკულაცია, რომ გამოყოფილი თანხები არ არის საკმარისი, მაგრამ არასდროს არ ითქვა რისთვის არ არის საკმარისი, რა მასშტაბის მშენებლობებისთვის და ასე შემდეგ. უცხოეთში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს როდესაც ვადარებთ იმას, რასაც ვაკეთებთ თბილისში, მაშინ გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ, რადგან ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები ბევრი მილიონი ევროთი  ნაკლებია, ვიდრე ვარშავაში, ჰამბურგში თუ პარიზში განხორციელებული პროექტები. მაშინ ნურაფერს გავაკეთებთ, ვიდრე თითოეულ პროექტზე 100-100 მილიონი ევრო არ გვექნება. ჩემთვის ეს მიდგომა მიუღებელია, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინე და გული მწყდება, რომ საქმიანი, კონსტრუქციული პროცესის მაგივრად, საბოლოო ჯამში სამი წლის თავზე ვიღებთ ასეთ დაპირისპირებას სამინისტროსთან“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, გამოსავალი არის კონკრეტული პროექტის შეძენა, ამ პროექტის პირობებში სამშენებლო სამუშაოების წარმოება, საკითხის დახურვა და არა მუდმივი სპეკულაცია.