მიხეილ გიორგაძე - ჩემი გადადგომა არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება
მიხეილ გიორგაძე - ჩემი გადადგომა არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ მისი გადადგომა არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება და გადადგომის მიზეზები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნათლად ჩამოაყალიბა.

„დარწმუნებული ვარ, დროში დამთხვევებთან გარკვეული სპეკულაცია მოხდება ამა თუ იმ თემით მოხდება. სრული პასუხისმგებლობით მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბოლო პერიოდში ეს არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მისივე თქმით, თანამდებობიდან წასვლის საკითხზე მინისტრთა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა მწერლების პროტესტს, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროდან მისი წასვლა არც ერთ კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება.

„ყოველთვის რაღაც ამბავი რაღაცას ემთხვევა. ვინც დაიჯერებს, დაიჯეროს“, – განაცხადა გიორგაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მწერლების პროტესტი უსაფუძვლოა და ახლო მომავალში გამოჩნდება, რომ არაჯანსაღ აღშფოთებასა და აჟიოტაჟს სრულიად აბსურდული საფუძველი აქვს.

„არც არავის დასასჯელად, არც არაფრის დასახურად ან შესაზღუდად, ეს არ მომხდარა. მგონია, რომ კონკრეტული ადამიანებისგან შეიძლება საჯარო როგორც ბრალდებების, ისე საჯარო ბოდიშის მოლოდინი მქონდეს“, – განაცხადა გიორგაძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა მიხეილ გიორგაძეს საყდრისის საკითხზეც ჰკითხეს, როგორც მინისტრის ყოფილმა მოადგილემ აღნიშნა, სამეცნიერო დაპირისპირების მიუხედავად, რეგიონში სოციალური ფონის გათვალისწინებით და ობიექტური გარემოებების მიხედვით, იმ დროს ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.

„შესაძლოა, იდეალური და ყველა მხარისთვის მისაღები ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო, მაგრამ ის, რომ იმ დროს, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, იყო ერთმნიშვნელოვნად სამართლიანი და ოპტიმალური, ეს ერთმნიშვნელოვანი იყო და დღესაც ასე ვფიქრობ“, – განაცხადა გიორგაძემ.

მიხეილ გიორგაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.