გია ვოლსკი - საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო
გია ვოლსკი - საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო

საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„დარგი მისახედია. ბევრი კულტურის ძეგლია, რომელიც მნიშვნელოვნად იქნა წარმოჩენილი, ბევრი კულტურული ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მეტი უნდა იყოს. საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

​ამასთან გია ვოლსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება მიხეილ გიორგაძის თანამდებობის დატოვება ქართველი მწერლებისა და გამომცემლების მოთხოვნას, აღდგეს „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ სსიპ-ები.

„რაც შეეხება მწერლების პროტესტს, რასკვირველია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მწერლების ერთ ჯგუფს ან ხელოვანთა ერთ ჯგუფს ყოველთვის აქვს დამოკიდებულება რადიკალურად დაპირისპირებული, ზოგს კრიტიკული და ეს უნდა ახასიათებდეს კიდეც მათ. დამოკიდებული შემოქმედებითი ჯგუფი ან ადამიანი ხელოვნებაში ვერაფერს მიაღწევს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ გიორგაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა.