მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულ კიდევ ერთ ადამიანს ოპერაცია „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ ჩაუტარდება
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულ კიდევ ერთ ადამიანს ოპერაცია „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ ჩაუტარდება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ კიდევ ერთ ადამიანს ოპერაცია „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ ჩაუტარდება, – ამის შესახებ ექიმმა თეონა ხუჭუამ განაცხადა.

მისი თქმით, „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ ხუთი დაშავებული მიიყვანეს. როგორც თეონა ხუჭუა ამბობს, ხუთივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„ერთ-ერთ პაციენტს აღენიშნება ლავიწის ძვლის მოტეხილობა, რომელიც მოითხოვს სასწრაფო ოპერაციულ ჩარევას. სხვა პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია. კვლევები დაახლოებით ერთ საათში დასრულდება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, რამდენად საჭიროებენ პაციენტები სტაციონარიზაციას და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, რომელთა მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და საყოველთაო დაზღვევა დაფარავს.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.