სარაგბო კომპლექსში, ჭერის დაზიანების საკითხს მერიის შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს
სარაგბო კომპლექსში, ჭერის დაზიანების საკითხს მერიის შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს

მუხიანის სარაგბო კომპლექსში მომხდარ ინციდენტს მერიის შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

„ჭერი ჩამოიშალა დაახლოებით 20 კვადრატული მეტრის ფართში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და შიდა აუდიტის სამსახურების წარმომადგენლები. ფაქტის დასაფიქსირებლად ჩვენ ასევე გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის აღნიშნულ საკითხს. იცით, რომ ამ კომპანიას დედაქალაქის მერიის მიერ რამდენჯერმე მიეცა მკაცრი გაფრთხილება, ადგილზეც ვიყავით მისულები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში. გაფრთხილების საფუძველზე, კომპანიამ გარკვეული ხარვეზები აღმოფხვრა, გარკვეული სამუშაო დარჩენილია. თითოეულ ასეთ ფაქტზე გვექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება”, – აღნიშნა ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, მუხიანის სარაგბო კომპლექსში, ახალგარემონტებულ შენობაში ჭერი ჩამოინგრა. ინციდენტის დროს ოთახში საფეხბურთო კლუბ „შევარდენი-1906“-ის წევრები იმყოფებოდნენ. კლუბის დამფუძნებლის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შესაძლოა, ფაქტს მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. ამ დროისთვის ჭერი სრულად არის აღდგენილი.