მეცნიერებმა ძველეგვიპტური მელნის საიდუმლო ინგრედიენტები გაშიფრეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ძველეგვიპტური მელნის საიდუმლო ინგრედიენტები გაშიფრეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა 12 უძველესი პაპირუსის ფრაგმენტების ანალიზი ჩაატარეს, რათა გაერკვიათ, როგორ ამზადებდნენ ძველი ეგვიპტელები წითელ და შავ მელანს; შედეგები გარკვეულწილად მოულოდნელია და აქამდე უცნობ დეტალებს გვამცნობს.

ცნობილია, რომ ძველეგვიპტელები მელანს ჯერ კიდევ სულ მცირე ძვ. წ. 3200 წლის წინაც იყენებდნენ. ამ შემთხვევაში შესწავლილი ნიმუშები ახ. წ. 100-200 წლებშია შესრულებული და ტებტუნისის ტაძრის ბიბლიოთეკას ეკუთვნის — ამ პერიოდის ილუსტრაციათა ერთადერთ მსხვილმასშტაბიან ბიბლიოთეკას, რომელიც დღემდე შემორჩა.

სინქროტრონული რადიაციის მეთოდის გამოყენებით, რომელიც ძლიერ რენტგენულ სხივებსაც მოიცავს მიკროსკოპული ნიმუშების ანალიზისთვის, მკვლევრებმა უპრეცედენტო დეტალებში გაარკვიეს ძველეგვიპტელთა მელნების ელემენტური, მოლეკულური და სტრუქტურული შემადგენლობა.

„უძველესი მელნის ტექნოლოგიის საიდუმლოს გარკვევა 21-ე საუკუნის მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ვცადეთ“, — ამბობს ევროპის სინქროტრონული რადიაციის მოწყობილობის (ESRF) ფიზიკოსი მარინ კოტი.

როგორც წესი, წითელ მელანს იყენებდნენ სათაურების, ინსტრუქციებისა და სხვა საკვანძო სიტყვების წარმოსაჩენად; მკვლევართა განცხადებით, მას ფერს ჟანგმიწის ბუნებრივი პიგმენტით აძლევდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეინიშნება რკინის, ალუმინისა და ჰემატიტის კვალიც.

უფრო დამაინტრიგებელი იყო ტყვიაზე დაფუძნებულ ნაერთთა აღმოჩენა როგორც შავ, ისე წითელ მელანში ისე, რომ ფერის მისაცემად გამოყენებული არ არის ტყვიაზე დაფუძნებული რაიმე სხვა ტრადიციული პიგმენტი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ტყვია ტექნიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული.

„პაპირუსზე მელნით წერის დროს, ტყვიის შემცველი საშრობები ნაწერს ძლიერ გადათხვრიგან იცავს. მართლაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტყვია უხილავ ჰალოს წარმოქმნის ჟანგმიწის ნაწილაკების გარშემო“, — წერს ჯგუფი პუბლიკაციაში.

გარდა იმისა, რომ გვეუბნება, როგორ ინახავდნენ ძველეგვიპტელები პაპირუსებს დაულაქავებლად, ეს აღმოჩენა ასევე გვამცნობს მელნის წარმოების საკმაოდ სპეციალიზებულ მეთოდებს. სავარაუდოა, რომ მელანს ამ ტექსტების დამწერი ქურუმები არ ამზადებდნენ.

„ის ფაქტი, რომ ტყვიას არა პიგმენტად, არამედ საშრობად უმატებდნენ, მიუთითებს, რომ მელანს საკმაოდ კომპლექსური რეცეპტი ჰქონდა და მისი დამზადება ნებისმიერს არ შეეძლო. ჩვენი აზრით, მელანს სპეციალურ საწარმოებში ამზადებდნენ“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგი თომას კრისტიანსენი.

საინტერესოა, რომ საამქროებში მელნის დამზადება მოხსენიებულია ახ. წ. მე-3 საუკუნის ძველბერძნულ დოკუმენტშიც, რაც მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ეგვიპტესა და ხმელთაშუაზღვისპირეთში მელანს სპეციალურ საამქროებში ამზადებდნენ.

საშრობად ტყვიის აგენტის გამოყენება მე-15 საუკუნეში, ზეთის ნახატების გამოჩენასთან ერთად, ევროპაშიც ჩნდება. თუმცა, საოცარია, რომ ამ მეთოდს ეგვიპტელები 1400 წლით უფრო ადრე იყენებდნენ.

მკვლევრები კიდევ უფრო მეტ ტესტსა და სხვადასხვა სახის ანალიზებს გეგმავენ, მაგრამ უკვე საკმაოდ ამაღელვებელია ისიც, რაც უკვე აღმოაჩინეს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ გვეხმარება თანამედროვე სამეცნიერო ინსტრუმენტები წარსულის საიდუმლოთა ამოხსნაში.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.