მცხეთაში 18 ივნისის წვეულების მასპინძლის, ანა გაბეჩავას პოლიციაში გამოკითხვა დასრულდა
მცხეთაში 18 ივნისის წვეულების მასპინძლის, ანა გაბეჩავას პოლიციაში გამოკითხვა დასრულდა

მცხეთაში 18 ივნისის წვეულების მასპინძლის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა მცხეთის პოლიციაში დასრულდა. როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა არ ეხებოდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებას, თუმცა შეკითხვები ამ საქმეზეც დაისვა. ადვოკატის ცნობით, გამოკითხვა ჩატარდა მათ მიერ შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ანა გაბეჩავას მიმართ შესაძლო ბულინგსა და ზეწოლას შეეხება.

„აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რა თქმა უნდა, სხვაგვარად ამდენ ხანს არ გავჩერდებოდით“,- განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

ამასთან, როგორც მეორე ადვოკატმა, თათია მანეჟაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნა, შესაძლოა, გამოკითხა რამდენჯერმე გახდეს საჭირო.

„შესაძლებელია, რამდენჯერმე გახდეს საჭირო გამოკითხვები, თუ რაიმეს დაზუსტება იქნება საჭირო. თუმცა გეტყვით, რომ მითითებული განცხადების საფუძველზე მოხდა ოქმის შედგენა. დეტალებზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ანა გაბეჩავამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.