მათე ტაკიძე - პროფესიულ განათლებას დღეს ალტერნატივა არ აქვს, ეს უპირობოდ, ყველაზე მოკლე გზაა წარმატებისთვის
მათე ტაკიძე - პროფესიულ განათლებას დღეს ალტერნატივა არ აქვს, ეს უპირობოდ, ყველაზე მოკლე გზაა წარმატებისთვის

საუბარი არ არის იმაზე, რომ მხოლოდ ბიზნესმა აიღოს პასუხისმგებლობა, სახელმწიფო ხდება თანაპარტნიორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია ბიზნესისთვის, რომ ბაზარზე კადრების დეფიციტი აღმოვფხვრათ, – ასე უპასუხა საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „გადაწყვეტილება“ წამყვანის შეკითხვას, თავად ბიზნესი რატომ არ ახორციელებს კადრების მომზადება-გადამზადებას და რატომ არის აუცილებელი, სახელმწიფო იყოს ინვესტორი ამ პროცესში, როცა ერთი მხრივ, არის კომპანიები, რომლებსაც კონკრეტული პროფესიის კადრები სჭირდება და მეორე მხრივ, არის კოლეჯები, რომლებიც კადრებს ამზადებენ.

„მცირე ხნის წინ, განათლების სამინისტროს, საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ და კომპანია „ევრომასტერის“, სამი მხარის ჩართულობით მოხდა პირველი პრეცედენტი, როდესაც მოხდა კომპანიის შემოსვლა სექტორული მიმართულებით. ეს არის წყალმომარაგება, წყალანირება და სანტექნიკის მიმართულება. კომპანიას გადაეცა შენობა, სახელმწიფოს მიერ მოხდა მისი რეაბილიტაცია, ხოლო კომპანიამ განახორციელა ხუთმილიონიანი ინვესტირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ბიზნესი ხარჯავს ამაში ფულს. არა მხოლოდ ფულის დახარჯვა ხდება, არამედ არის ვალდებულებითი ნაწილი, რომ კურსდამთავრებულთა 50%-ის დასაქმება უნდა მოხდეს და ასეულობით სტუდენტი გადის სწავლებას ბიზნესის იმ ბაზაზე, რომელიც ჩვენთან იქნა განხორციელებული“, – განაცხადა ტაკიძემ.

მისი თქმით, როდესაც ბიზნესს ძალიან დიდი რესურსები გააჩნია, შეიძლება, ამ რესურსების გამოყენება მოხდეს და ფული მიიმართოს სხვა სოციალური პაკეტების განსახორციელებლად, ხოლო ბიზნესის რესურსები გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ შეიქმნას პროფესიული განათლების მიმართულების უფრო წარმატებული მოდელი.

„ვფიქრობ, იდეა, რომლის პრეზენტაციაც 10 ოქტომბერს განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია. 15 ნომბრიდან ამ პროცესში ძალიან ბევრი ბიზნესი და ადამიანი იქნება ჩართული. „გაეროს“ ერთ-ერთი კვლევა ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს ფულის იდეა, არსებობს პროექტების განხორციელების იდეა და საქართველოში არის ადამიანური კაპიტალის პრობლემა. შესაბამისად, მოთხოვნა-მიწოდებას შორის დეფიციტი რომ აღმოვფხვრათ, ვფიქრობ, დაგეგმილი ნაბიჯები უახლოეს მომავალში მოგვცემს კიდევ უფრო მეტი განვითარების საშუალებას. ეს არის საშუალო საფეხურზე ვალდებულებითი ნაწილი, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ პროფესიული განათლების მიმართულებაში და მეორე, ბიზნესი, თავისი რესურსებით და გამოცდილებით, კიდევ უფრო მასშტაბურად, სისტემურად შემოვიდეს პროფესიული განათლების განვითარებისთვის “, – განაცხადა ტაკიძემ.

ამასთან, მათე ტაკიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში განვითარებისთვის და წარმატებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის და ადამიანთა კეთილდღეობისთვის ყველაზე მოკლე გზა არის პროფესიული განათლება.

„პროფესიულ განათლებას დღეს არ აქვს ალტერნატივა. იმიტომ, რომ უპირობოდ, ყველაზე მოკლე გზაა წარმატებისთვის“, – განაცხადა მათე ტაკიძემ.